Facebook Twitter

ას-740-1038-09 22 სექტემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ო-ძე

მოპასუხე _ ნოტარიუსი მ. კ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება

საჩივრის დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 26 აგვისტოს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. კ-ძემ მოპასუხეების _ დ. ო-ძისა და ნოტარიუს მ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2003 წლის 24 აპრილს დ. ო-ძის სახელზე გაცემული ¹2-138 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ნოტარიუს მ. კ-ძისათვის მისი, როგორც თ. ო-ძის მეუღლისა და პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1994 წლის 1 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თ. ო-ძესთან. იგი მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე სახლში, რომელიც წარმოადგენდა მამამთილის _ რ. ო-ძის საკუთრებას. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო თ. ო-ძემ, თუმცა ოფიციალურად თავის სახელზე არ გაუფორმებია. 2002 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა ისე, რომ მის სახელზე სახლის დარეგისტრირება ვერ მოასწრო. ამით ისარგებლა დ. ო-ძემ, რომელიც იყო თ. ო-ძის ბიძაშვილი და გაურკვეველი საფუძვლით სახლთმფლობელობა თავის საკუთრებაში აღრიცხა.

მოსარჩელის განმარტებით, მან 6-თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს თ. ო-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე, მაგრამ ნოტარიუსმა უარი უთხრა, ხოლო მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნული სახლი საკუთრებაში აღურიცხავს დ. ო-ძეს.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. კ-ძე სადავო სახლში ცხოვრებას აგრძელებს დღესაც, მან და მისმა მეუღლემ მემკვიდრეობა მიიღეს ფაქტობრივი ფლობით. შესაბამისად, მოთხოვნა ამავე ქონებაზე დ. ო-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და სამკვიდრო მოწმობის მის სახელზე გაცემის შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი I, ს.ფ. 1, 29-30, 231-239).

მოპასუხე დ. ო-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მიიღო ბიძის, რ. ო-ძის სამკვიდრო, რომელსაც იმ დროს სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა. იგი მიუთითებდა მ. კ-ძის მიერ წარდგენილი ქორწინების მოწმობის სიყალბეზე, ასევე თ. ო-ძის მიერ მამის _ რ. ო-ძის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიუღებლობაზე, ხოლო მისი მიღების ვადის აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების საქმეში არარსებობაზე. ყოველივე აღნიშნული, მოპასუხის აზრით, სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ტომი I, ს.ფ. 20-21, 231-239).

სარჩელი არ ცნო აგრეთვე ნოტარიუსმა მ. კ-ძემ. მისი განმარტებით, მართალია, მ. კ-ძემ მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროს ვერ წარადგინა ქორწინების მოწმობა, ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ამასთან, ვინაიდან ამავე ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა დ. ო-ძემაც, რომელმაც საამისოდ წარადგინა სათანადო საბუთები, სამკვიდრო მოწმობა ამ უკანასკნელის სახელზე გაიცა (ტომი I, ს.ფ. 193-201).

პირველი ინსტანციით საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ თვითაცილების შესახებ განჩინების მიღების შემდგომ მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 38, 40).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ო-ძემ მემკვიდრეობით მიიღო ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონება; ნოტარიუს მ. კ-ძეს დაევალა მ. კ-ძის სახელზე გაეცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე მის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ უძრავ ქონებაზე.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა რ. ო-ძის საკუთრებას, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 27 აგვისტოს. ამ უკანასკნელის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენდა მისი შვილი თ. ო-ძე, რომელიც გარდაცვალებამდე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. საქმეში არსებული ქორწინების მოწმობის თანახმად, თ. ო-ძე და მ. კ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლის 1 ნოემბრიდან და აღნიშნული დროიდან მ. კ-ძე ცხოვრობდა ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში. თ. ო-ძის გარდაცვალების შემდეგ მითითებული საცხოვრებელი სახლი ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2003 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად მემკვიდრეობით მიიღო დ. ო-ძემ, რომელიც იყო თ. ო-ძის ბიძაშვილი, ანუ მეხუთე რიგის მემკვიდრე.

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე (თ. ო-ძე) წარმოადგენდა რ. ო-ძის ერთადერთ კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და 1997 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო სწორედ მან მეუღლესთან _ მ. კ-ძესთან ერთად.

სასამართლო სხდომაზე ნოტარიუს მ. კ-ძის განმარტებით ირკვეოდა, რომ მას მ. კ-ძემაც და დათო ო-ძემაც მიმართეს თ. ო-ძის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მაგრამ ვინაიდან მ. კ-ძემ ვერ წარუდგინა ქორწინების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა გასცა დ. ო-ძეზე. საქმეზე კი დგინდებოდა, რომ თ. ო-ძე გარდაიცვალა 2002 წლის 1 აგვისტოს, სამკვიდრო მოწმობის გაცემა კი მოხდა 2003 წლის 24 აპრილს დ. ო-ძეზე, როგორც რ. ო-ძის მემკვიდრეზე, მაშინ როდესაც რ. ო-ძე გარდაცვლილი იყო 1997 წელს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაინაიდან თ. ო-ძე მამის გარდაცვალების დროს იხდიდა სასჯელს და იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ამიტომ მის მიერ გაშვებული იყო სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა და ის ვერ მიიღებდა რ. ო-ძის ქონებას მემკვიდრეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, თ. ო-ძე ოჯახთან ერთად დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე, მათ შორის 1997 წელს მამის გარდაცვალების დროსაც ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. იგი ესწრებოდა მამის გარდაცვალებას და მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელისა და თ. ო-ძის ქორწინების მოწმობის სიყალბის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ შეამოწმა ქორწინების მოწმობის ნამდვილობა და გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, 1994 წლის 1 ნოემბერს მ. კ-ძესა და თ. ო-ძეს შორის ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი და მათი განცხადებების ქსეროასლები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1994 წლის 1 ნოემბერს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მმაჩის განყოფილებაში შედგა მ. კ-ძისა და თ. ო-ძის ქორწინების რეგისტრაცია.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ძის შემთხვევაში დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით გათვალისწინებული ორივე პირობა. შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 240-243).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ო-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იმავდროულად, აპელანტმა იშუამდგომლა ქორწინების მოწმობაში ხელმოწერების ნამდვილობისა და მისი შედგენის ზუსტი დროის დადგენის მიზნით საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნა.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე რ. ო-ძე გარდაიცვალა 1997 წლის 27 აგვისტოს, რა დროსაც მის სამკვიდრო ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა. მამკვიდრებლის ერთადერთი მემკვიდრე _ აწ გარდაცვლილი თ. ო-ძე (მ. კ-ძის მეუღლე) სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია, რამდენადაც იგი სამკვიდროს გახსნის მომენტში სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ამასთან, სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღიდან გასულია ორი წელი და ოთხი თვე, ანუ სამკვიდროს მიღებაზე შედავების კანონით დადგენილი ვადა (ტომი I, ს.ფ. 248-251).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: 1994 წლის 1 ნოემბრის ქორწინების რეგისტრაციის ¹439 აქტზე შესრულებულია თუ არა ხელმოწერა თ. ო-ძის მიერ (ტომი I, ს.ფ. 313-317).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 5.03.2007წ. ¹848/01 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა თ. ო-ძის, არამედ სხვა პირის მიერ (ტომი I, ს.ფ. 334-339).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ო-ძისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, დ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მ. კ-ძემ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებზე, მაგრამ რამდენადაც განცხადებას არ ახლდა სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლებოდა საპატიოდ და მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-ძე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რომელთაც სხდომის დღისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად გამართლებული იყო (ტომი I, ს.ფ. 360-365).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 30 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რომლის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (ტომი I, ს.ფ. 374).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 400-404).

დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (ტომი I, ს.ფ. 421).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 471-475).

2009 წლის 16 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება. იმავდროულად, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში მდებარე დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება და დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მოპასუხისათვის აღნიშნული ქონების გასხვისების, ან სხვაგვარი უფლებით დატვირთვის აკრძალვა.

განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ დ. ო-ძემ საჩივრით მიმართა გენერალურ პროკურატურას, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ქორწინების სააქტო ჩანაწერში თ. ო-ძის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2008 წლის 5 აგვისტოს დასკვნით, ამავე სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების 2008 წლის 15 ოქტომბრის, ასევე იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნებით გამოიკვეთა საქმეში მანამდე არსებული, 2007 წლის 5 მარტის ექსპერტიზის დასკვნის მცდარობა, კერძოდ, მათ საფუძველზე დადგინდა, რომ ქორწინების ჩანაწერის აქტში და განცხადებაში თ. ო-ძის ხელმოწერები შესრულებულია უშუალოდ მის მიერ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 8 ივნისის დადგენილებით დადგინდა, რომ მ. კ-ძისა და თ. ო-ძის ქორწინების სააქტო ჩანაწერში თ. ო-ძის ხელმოწერა გაყალბებული არ არის და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო თ. ო-ძის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება.

იმაზე მითითებით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების დასრულებამდე შესაძლებელი იყო მოპასუხეს გაესხვისებინა ან სხვაგვარად დაეტვირთა სადავო უძრავი ქონება, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას, მ. კ-ძემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ტომი II, ს.ფ. 1-9).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის სხდომაზე დაზუსტდა განმცხადებლის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (ტომი II, ს.ფ. 82-87).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ქობულეთში, ... ქ. ¹5-ში, დ. ო-ძის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 49-52).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება უცვლელი დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებებით (ტომი II, ს.ფ. 95-97).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. კ-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო იქნა გამოტანილი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში განთავსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იურიდიულად გამართლებული იყო, შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განცხადების ავტორს უნდა დაემტკიცებინა, რომ ახლად გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წანამძღვრების საფუძვლების არარსებობაზე, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი და რაზეც განცხადების ავტორს არ მიუთითებია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა არა იმიტომ, რომ სასამართლო დაეყრდნო აპელანტის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2007 წლის 5 მარტის ¹848/01 ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში მამკვიდრებლის _ თ. ო-ძის ხელმოწერა არ არსებობდა, არამედ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის მითითება მისთვის საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებული ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეტყობის თაობაზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ძის მიერ ახალ გარემოებად მითითებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2008 წლის 5 აგვისტოს დასკვნა კიდეც რომ არსებულიყო საქმეში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლოს მიერ შეფასებული არ იქნებოდა და მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის გამო აპელანტის მოთხოვნა, რომელიც იურიდიულად გამართლებული იყო, დაკმაყოფილდებოდა (ტომი II, ს.ფ. 88-94).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა სააპელაციო სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ ახალ გარემოებად დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2008 წლის 5 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა საქმეში მისი არსებობის შემთხვევაშიც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლოს მიერ შეფასებული არ იქნებოდა და მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა, რომელიც იურიდიულად გამართლებული იყო, დაკმაყოფილდებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოცემული მსჯელობა იურიდიულად დაუსაბუთებელია. მართალია, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხარის დაუსწრებლად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამავე დროს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, მარტოოდენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება არ არის საკმარისი. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, სარჩელში აღნიშნული გარემოებები რა ნაწილში ამართლებს იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას პრიორიტეტი მიანიჭა მხარის გამოუცხადებლობას და არა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იურიდიულად გამართულ მოთხოვნას, რაც ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს (ტომი II, ს.ფ. 104-106).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად განმცხადებელ მ. კ-ძის საბოლოო მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (ტომი II, ს.ფ. 82-87). აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად იგი მიუთითებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2008 წლის 5 აგვისტოს ექსპერტის დასკვნაზე, ამავე სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების 2008 წლის 15 ოქტომბრის, ასევე იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა თანახმად ქორწინების ჩანაწერის აქტში და განცხადებაში თ. ო-ძის ხელმოწერები შესრულებულია უშუალოდ მის მიერ (ტომი II, ს.ფ. 82-87, 1-9).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული ზემოაღნიშნული საფუძველი შეესაბამება არა ბათილად ცნობის, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების წინაპირობების არსებობის თვალსაზრისითაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. ამ დროს გამოიყენება ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო სასამართლო სხდომაზე მ. კ-ძის გამოუცხადებლობა, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 5.03.2007წ. ¹848/01 დასკვნის შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ დროს არ მომხდარა საქმის არსებითი განხილვა და 5.03.2007წ. ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა. აღნიშნულის გამო საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში დასახელებული ექსპერტთა დასკვნები, რომლებიც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით 5.03.2007წ. ექპერტიზის დასკვნას აქარწყლებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების ბედზე გავლენას ვერ მოახდენდა თავის დროზე მათი წარდგენის შემთხვევაშიც და ისინი მოცემულ საქმეზე წარმოების განახლების საფუძველი ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.