Facebook Twitter

ას-740-1107-06 D 11 იანვარი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ა-ის წარმომადგენელი _ ბ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 3 სექტემბერს, ლ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ხ. ა-ის მიმართ და მოითხოვა თბილისში, ..... ქუჩა ¹17-ში მდებარე, პირად საკუთრებაში არსებული ბინიდან მოპასუხის გამოსახლება და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება იმ მოტივით, რომ 2005 წლის 18 აპრილს, სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მის სახელზე აღირიცხა სადავო ბინა, რომელიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა ხ. ა-ს, რაც დღემდე მოპასუხის მხრიდან არ სრულდება.

მოპასუხე ხ. ა-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელემ ასესხა 10000 აშშ დოლარი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება მოტყუებით იქნა დადებული, მათ შორის სანოტარო წესით 2005 წლის 18 აპრილს უნდა გაფორმებულიყო არა ბინის ყიდვა-გაყიდვის, არამედ სესხის ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹17-ში მდებარე, ლ. მ-ის სახელზე რიცხული ბინა, გამოთხოვილ იქნა ხ. ა-ის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა ლ. მ-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ხ. ა-ის წარმომადგენელს ბ. ი-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 60 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ხ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. ი-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ და, შესაბამისად, მოკლებული იყვნენ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ხ. ა-ის წარმომადგენელ ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ხ. ა-ის წარმომადგენელ – ბ. ი-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 20-დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ და, შესაბამისად მოკლებული იყვნენ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინების ასლი ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, ხ. ა-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 25 ივლისს (ს.ფ. 44), ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ წარუდგენია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ა-ის წარმომადგენელ ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.