¹ას-741-1108-06 8 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. სე-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ს. სი-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი), 2. ბ. სე-ი (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. სე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. სი-სა და ბ. სე-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ს. სი-მა კი შეგებებული სარჩელი აღძრა ი. სე-ის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. სი-ი თანმხლებ პირებთან ერთად სადავო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. სე-ს ს. სი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. სე-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი, რაზეც ი. სე-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. სე-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება მხარეს 2006 წლის 30 ნოემბერს ჩაბარდა, თუმცა ი.სე-ს ზემოხსენებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. სე-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად და დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. სე-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.