Facebook Twitter

¹ას-741-957-08 27 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “პ-მა” (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება და გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2003 წლის 1 აპრილს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “პ-ამ” კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ შპს “პ-ას” საკუთრებაში არსებულ შენობაში მოაწყო ავტოპროფილაქტორია და გააქირავა. აღნიშნული შენობა შპს “პ-ას” საკუთრებაშია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 3 სექტემბრის ¹1-3/617 ბრძანების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული შენობის შპს “პ-ასათვის” დაბრუნება, ასევე მიღებული სარგებლისა და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ამჟამად სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტმა”) შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და აღნიშნა, რომ სადავო ქონება გადაცემული ჰქონდათ უზურფრუქტით და მათ უფლება ჰქონდათ, არ დაეშვათ შპს “პ-ას” მიერ ამ შენობით სარგებლობა. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, შპს “პ-ას” ეკავა ინსტიტუტის შენობაში რამდენიმე ოთახი. აქედან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა შპს “პ-ას” გამოსახლება და მისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 18 576 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწვეტილებით შპს “პ-ას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ამჟამად სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის”) შეგებებული სარჩელი.

სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა შპს “პ-ას” საკუთრებაში არსებული ე.წ. “ავტოპროფილაქტორია” და ეს ნივთი დაუბრუნდა შპს “პ-ას”; შპს “პ-ას’ სასარჩელო მოთხოვნას თანხის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი.

გამოთხოვილ იქნა შპს “პ-ას” მფლობელობიდან სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” შენობის მესამე სართულზე მდებარე სამი ოთახი; შეგებებულ სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “პ-ამ”, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო საჩივრისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით განჩინებით დადგენილ 10 - დღიან ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 ივლისს, განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა კი ამოიწურა 2008 წლის 24 ივლისს. განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი არ გამოუსწორებია. მითითებული დოკუმენტები აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტმა”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტს” არ ჩაჰბარებია. ამას ადასტურებს ის, რომ უწყების ჩაბარებაზე ხელს არ აწერს ინსტიტუტის არც ერთი თანამშრომელი. ამდენად, მათ აღნიშნული განჩინება არ ჩაჰბარებიათ. განჩინება ჩაჰბარდა მეზობელი ორგანიზაციის დარაჯს - ჟ. ლ-შვილს, რომელმაც 2008 წლის 18 ივლისს გადასცა ეს განჩინება ინსტიტუტს. განჩინების მიღების შემდეგ, 2008 წლის 25 ივლისს, მათ შეავსეს ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 23 მაისს სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტს” მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. სსიპ “კვების მრეწველობის ინტიტუტმა” ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს მიმართა 2008 წლის 25 ივლისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილის წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინაღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, არ ჩაჰბარებია სსიპ “კვების მრეწველობის ინტიტუტს” ხარვეზის განჩინება, კერძოდ, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არ არის მითითებული განჩინების მიმღები პირის სახელი და გვარი, ასევე არ არის მითითებული ადრესატთან დამოკიდებულება ( ს.ფ. 16). შეტყობინების ბარათზე არის მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც არ დასტურდება განჩინების მიმღები პირის ვინაობა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ “კვების მრეწველობის ინტიტუტს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ “კვების მრეწველობის ინსტიტუტის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.