Facebook Twitter

¹ ას-743-1110-06 26 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. გ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ც. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ყუ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ყუ-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მის სახელზე ირიცხებოდა ქ.ბორჯომში ... ქ. ¹45-ში მდებარე ორ ოთახიანი ბინა, მან 2000 წლის 8 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გადასცა თავის შვილს – გ. ყუ-ს. 2005 წლის ივნისში გარდაეცვალა მეუღლე, რის შემდეგ მიიჩნია რომ გაჩუქებული ბინა არის მისი რჩენის ერთად ერთი საშუალება, ასევე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი ვაჟიშვილი და რძალი აყენებენ შეურაცხყოფას.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ყუ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თ. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

თ. გ-ის წარმომადგენელმა ც. შ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება თ. გ-ს არ ჩაბარებია, საფოსტო გზავნილზე მითითებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის; სააპელაციო პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინება არ გაგზავნილა თ. გ-ის წარმომადგენელთან, მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისს წარმოუდგინა რწმუნებულება; კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2006 წლის 5 ივლისს სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალების გაცნობისას საქმეში ხარვეზის განჩინება არ იყო, შესაბამისად მისთვის არ იყო ცნობილი ხარვეზის არსებობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. გ-ის წარმომადგენელი ც. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა უშუალოდ თ. გ-მ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების განჩინება გაუგზავნა სააპელაციო საჩივრის შემტან პირს თ. გ-ს.

საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ხარვეზის განჩინება თ. გ-ს არ ჩაბარებია და საფოსტო გზავნილზე მითითებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. თ. გ-მ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერის სიყალბის დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის წარმომადგენელი ც.შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.