Facebook Twitter

¹ას-744-1111-06 19 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. მ-ი, ხ. მ-ი (მოსარჩელეები)

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. მ-მა და ხ. მ-მა სასარჩელო განცხადება შეიტანეს სასამართლოში ჯ. გ-ისა და რ. დ-ის წინააღმდეგ სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის ბათილობის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მათი მამა გარდაიცვალა 1991 წლის 10 ივლისს, პაპის დამ დ. მ-მა მამის გარდაცვალებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ... სანოტარო კანტორაში შეიტანა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ის არის ერთადერთი მემკვიდრე. ნოტარიუსმა კი ყოველგვარი შემოწმების გარეშე მთელი ქონება გაუფორმა დ. გ-ს. დ. გ-მა აღნიშნული ქონება უანდერძა თავის შვილს – ჯ. გ-სა და დისშვილს – რ. დ-ს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. დ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად (სფ. 272).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. დ-მ. მან აღნიშნა, რომ ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა მ. მ-ს და არა მას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ რ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. რ. დ-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რ. დ-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. ვინაიდან რ. დ-მ ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

რ. დ-მ 2006 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ განჩინების ასლი გაიგზავნა არა მის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ სხვა მისამართზე (სფ. 262). მას აღნიშნული განჩინება გადასცეს 2006 წლის 9 სექტემბერს. განცხადებასთან ერთად რ. დ-მ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დატოვა განუხილველად (სფ.272).

საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ განჩინების ასლი ჩაჰბარდა მარგო მკრტიჩიანს და არა მას. როგორც საქართველოს ფოსტის ახალციხის ფილიალის წერილიდან ირკვევა, განჩინების ასლი ჩაჰბარდა მარგო მკრტჩიანს (ს.ფ. 264).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით.

სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის ჩაბარება, რითაც გარანტირებულია მისი პროცესუალური უფლებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო კონკრეტულ შემთხვევაში მხარისათვის განჩინების ჩაბარება. მოცემულ შემთხვევაში რ. დ-ს ხარვეზის განჩინება გაეგზავნა არა მის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ სხვა მისამართზე, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მას მითითებული აქვს ახალციხის რაიონი, სოფელი ... , ხოლო განჩინების ასლი გაიგზავნა ახალციხის რაიონში ... ქ. ¹20-ში (სფ 260).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.