Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№497აპ-17 ქ. თბილისი

ბ. ა., 497აპ-17 28 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ნანა ხუნჯუას, მსჯავრდებულ ა. ბ-ის, მსჯავრდებულების - ა. ბ-ის, გ. ხ-სა და დ. ფ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განაჩენით ა. ბ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 3271-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; სსკ-ის 328–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 14 ივნისიდან.

გ. ხ. - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 328–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 14 ივნისიდან.

დ. ფ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 14 ივნისიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და გ. კ-ს შორის.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის პირების გადაბირება, რაც გამოიხატა შემდეგში:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1999 წლის 15 ოქტომბრის №12667, 2011 წლის 17 ივნისის №1989 და 2014 წლის 24 სექტემბრის №2178 რეზოლუციების თანახმად, სირია–ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფო“ აღიარებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად.

საქართველოს მოქალაქე, ა-ის რაიონის სოფელ ჯ-ში მცხოვრები ა. ბ. ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოსათვის“ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გაერთიანდა ამავე ორგანიზაციაში. ა. ბ. გახდა რა ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, განიზრახა ადამიანური რესურსებით ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებოდა „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოს“.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა. ბ-მა გადაწყვიტა, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით მოეძებნა ისეთი პირები, რომლებსაც დაარწმუნებდა ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირებდა მათ და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცის, ე.წ. „ბაიათის“ მიღების გზით გააერთიანებდა ამავე ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგ გადაბირებულ პირებს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით გააგზავნიდა სირიაში.

2015 წლის გაზაფხულზე ა. ბ. შეხვდა ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მცხოვრებ, არასრულწლოვან მუსლიმ კ-სა და რ. ბ-ს, რომლებიც დაარწმუნა „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირა ისინი და ფიცის ე.წ. „ბაიათის“ დადების გზით გააერთიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 2 აპრილს, ა. ბ-მა უზრუნველყო მ. კ-სა და რ. ბ-ის ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის სირიაში გამგზავრება.

გარდა აღნიშნულისა, ა. ბ. იმავე მიზნით დაუკავშირდა ქ. თ-ში მცხოვრებლებს - გ. ხ-ს, დ. ფ-სა და გ. კ-ას, რომლებიც, მ. კუ-სა და რ. ბ-ის მსგავსად, დაარწმუნა „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირა ისინი და ფიცის ე.წ. „ბაიათის“ დადების გზით გააერთიანა ამავე ტერორისტულ ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგ, ა. ბ-ის მითითების შესაბამისად, 2015 წლის 14 ივნისს გ. ხ., დ. ფ. და გ. კ. ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის მიემგზავრებოდნენ სირიაში, რა დროსაც გ. ხ. და დ. ფ. დააკავეს თ-ის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო გ. კ. - მისსავე საცხოვრებელ სახლში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-მა და დ. ფ-ამ ჩაიდინეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება (გ. ხ-სა და დ. ფ-ას ამოერიცხათ მითითება უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციისთვის ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების შესახებ), რაც გამოიხატა შემდეგში:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1999 წლის 15 ოქტომბრის №1267, 2011 წლის 17 ივნისის №1989 და 2014 წლის 24 სექტემბრის №2178 რეზოლუციების თანახმად, სირია–ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფო“ აღიარებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად.

საქართველოს მოქალაქე, ა-ის რაიონის სოფელ ჯ-ში მცხოვრები ა. ბ. ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლავანტას ისლამური სახელმწიფოსათვის“ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გაერთიანდა ამავე ორგანიზაციაში.

ა. ბ. გახდა რა ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, განიზრახა, ადამიანური რესურსებით ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებოდა „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოს“. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა. ბ-მა გადაწყვიტა, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით მოეძებნა ისეთი პირები, რომლებსაც დაარწმუნებდა ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირებდა მათ და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცის, ე.წ. „ბაიათის“ მიღების გზით გააერთიანებდა ამავე ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგომ გადაბირებულ პირებს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით გააგზავნიდა სირიაში. ამ მიზნით 2015 წლის გაზაფხულზე ა. ბ-მა შეძლო ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მცხოვრები არასრულწლოვანი მ. კ-სა და რ. ბ-ის „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდაჭერის აუცილებლობაში დარწმუნება, მათი გადაბირება და ფიცის ე.წ. „ბაიათის“ დადების გზით გაერთიანება, რის შემდეგაც უზრუნველყო მათი ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის სირიაში გამგზავრება.

გარდა აღნიშნულისა, ა. ბ. იმავე მიზნით დაუკავშირდა თ-ში მცხოვრებლებს - გ. ხ-ს, დ. ფ-სა და გ. კ-ას, რომლებიც, მ. კ-სა და რ. ბ-ის მსგავსად, დაარწმუნა „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერის აუცილებლობაში, გადაიბირა ისინი და ფიცის ე.წ. „ბაიათის“ დადების გზით გააერთიანა ამავე ტერორისტულ ორგანიზაციაში.

გ. ხ-მა და დ. ფ-ამ გადაწყვიტეს ტერორისტული ორგანიზაციის დახმარება, კერძოდ, სირიაში გამგზავრება და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. განზრახვის განსახორციელებლად 2015 წლის 14 ივნისს გ. ხ. და დ. ფ. ქ. თ-ის აეროპორტიდან თ-ის გავლით მიემგზავრებოდნენ ს-ში, რა დროსაც დააკავეს სამართალდამცველებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ, მსჯავრდებულმა ა. ბ-მა, მსჯავრდებულების - ა. ბ-ის, გ. ხ-სა და დ. ფ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ-მა და გ. ტ-მა.

პროკურორი ნანა ხუნჯუა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ხ-სა და დ. ფ-ას დამნაშავედ ცნობას ასევე ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასწორად შეაფასა როგორც გამოკვლეული მტკიცებულებები, ისე სამართლებრივი ნორმები. ტერორისტულ საქმიანობაში ტერორისტული ორგანიზაციის დახმარება მოითხოვს კონკრეტული მოქმედებების ჩადენას ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ გ. ხ-მა და დ. ფ-ამ ვერ შეძლეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულება, საქართველოში განხორციელებული ქმედებები უნდა შეფასებულიყო ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებად. გ. ხ. და დ. ფ. ეხმარებოდნენ ა. ბ-ს ტერორისტულ საქმიანობაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ. ა. ბ-ს სწორედ მათ გააცნეს. ამასთან, გ. ხ. იყო თ-ის ჯამაათის ლიდერი, ე.წ. „ემირი“ და ის და დ. ფ. აქტიურად ასრულებდნენ ა. ბ-ის დავალებებს, რომლებიც მოიცავდა თანამოაზრეების მოძიებას, „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტულ დახმარებასა და, ზოგადად, მათი ჯამაათის გაძლიერებას.

მსჯავრდებულების - ა. ბ-ის, გ. ხ-სა და დ. ფ-ას ადვოკატები – გ. ნ. და გ. ტ. ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და უკანონო; საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლეულ აუდიო და ვიდეომასალას არანაირი კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან; „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების ამსახველი არაერთი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია უმძიმესი კადრები, მიმართული იყო მოსამართლეზე ემოციური ზემოქმედებისათვის; გ. ბ. დაინტერესბული მოწმეა, მან სასამართლოს მისცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რაც არ უნდა დასდებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

მსჯავრდებული ა. ბ. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ განაჩენი არის უკანონო. იგი არის უდანაშაულო. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ ჰყავს 9 შვილი, ავადმყოფი დედა და მეუღლე, რომელთაც მის გარდა არ ჰყავთ სხვა მარჩენალი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ა. ბ. ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის შემცირებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: გ. ბ-ის, გ. კ-ას, გ. კ-ის, ა. წ-ის, თ. ა-ის, ხ. მ-ის, ს. ქ-ის, ზ. წ-ის, ე. დ-სა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების ჩვენებები, ამოღებული ნივთმტკიცებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომლებითაც უტყუარადაა დადასტურებული ა. ბ-ის, გ. ხ-სა და დ. ფ-ას ბრალეულობა, რის გამოც პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ.

8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ამოიღეს ბრალდებულებისგან, დაკავშირებულია მოცემულ საქმესთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად მიუთითებს მათ კავშირზე ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება მოწმე გ. ბ-ის ჩვენების არასანდოობაზე, ვინაიდან მოწმემ მისცა თანმიმდევრული ჩვენება, რომელიც თანხვედრილია სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატას არ გააჩნია მასში ეჭვის შეტანის საფუძველი.

10. რაც შეეხება ა. ბ-ის მითითებას განაჩენის უსამართლობის შესახებ, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივებს, ვინაიდან გ. ხ-მა და დ. ფ-ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრების შემდეგ გადაწყვიტეს ამ ორგანიზაციის დასახმარებლად სირიაში გამგზავრება, თუმცა ეს ვერ მოახრეხეს, რადგან ისინი დააკავეს გამგზავრებამდე, ხოლო მათ მიერ დაკავებამდე განხორციელებული საქმიანობა, პალატის მოსაზრებით, ვერ შეფასდება ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებად.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ნანა ხუნჯუას, მსჯავრდებულ ა. ბ-ს, მსჯავრდებულების - ა. ბ-ის, გ. ხ-სა და დ. ფ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე