Facebook Twitter

ას-749-1046-09 14 სექტემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძეE(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. პ-იას უფლებამონაცვლე ვ. გ-ია, ნ. ც-ანი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. პ-იასა და ნ. ც-ანის მიმართ ლ.პ-იასათვის მორალური ზიანის _ 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის _ 1600 აშშ დოლარის ანაზღაურების, ხოლო ნ.ც-ანისათვის მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრების შესახებ.

მოპასუხე ნ.ც-ანმა სარჩელი არ ცნო.

საქმის განხილვისას, 2007 წლის 14 სექტემბერს, მოპასუხე ლ.პ-ია გარდაიცვალა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის მოთხოვნა ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ლ.პ-იას მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ლ.პ-იას კუთვნილი ბინის დაყადაღების შესახებ, დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუსვებლობის _ სადავო ბინის ლ.პ-იასათვის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, ხოლო 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ძის სარჩელი ნ.ც-ანის მიმართ მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე მ.მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, ხოლო 17 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა საჩივრით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით მ.მ-ძის საჩივარს უარი ეთქვა, ამავე თარიღის განჩინებით კი მისი კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენის სტადიიდან არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განჩინებით საქმეში ლ.პ-იას უფლებამონაცვლედ ჩაება ვ. გ-ია.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ასევე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება უსწორობის გასწორებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2009 წლის 27 მარტის განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე აბზაცის მეორე წინადადება გასწორდა შემდეგნაირად: ,,ლ. პ-იასაგან მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 1600 აშშ დოლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით”, ასევე განჩინების აღწერილობითი ნაწილის მესამე გვერდის მეორე აბზაცის პირველ წინადადებაში “ლ. პ-იას” ნაცვლად, მიეთითა “მ. მ-ძე”, დანარჩენ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და ნაწილობრივ გაიზიარა მ.მ-ძის მოთხოვნა უსწორობის გასწორების შესახებ. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მ.მ-ძის პრეტენზია 2009 წლის 27 მარტის განჩინების მეორე გვერდის მეორე აბზაცთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აღნიშნულ აბზაცში ასახული ფაქტობრივი გარემოებები აღწერილია მ. მ-ძის სარჩელისა და მის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებების მიხედვით და არა მხოლოდ პროცესზე მიცემული განმარტებების შესაბამისად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე გვერდის მეორე აბზაცი, ლ. პ-იას მიმართ მ.მ-ძის მოთხოვნის ოდენობის გარდა, უსწორობებს არ შეიცავს და მათი შესწორების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ განჩინებაში არასწორად დაფიქსირდა, თითქოს “პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელის განხილვისას გარდაიცვალა მოპასუხე ლ. პ-ია”. საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაპირველად მ.მ-ძემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2006 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე ლ. პ-იასა და ნ. ც-ანის მიმართ. მოსარჩელის განმარტებითვე დგინდება, რომ იმ დროისათვის ლ. პ-ია ცოცხალი იყო, წარმოადგენდა პირველი ჯგუფის ინვალიდს და ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ.მ-ძის სარჩელისა და სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გარდაიცვალა მოპასუხე ლ. პ-ია, რომლის უფლებამონაცვლის დადგენასაც მ.მ-ძე ითხოვდა. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულზე როგორც ზუგდიდის რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლოებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი საქმის ხელახალი განხილვისას უფლებამონაცვლის დასადგენად ახალი მტკიცებულებების მოპოვება გახდება საჭირო, ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატის მიერ განმეორებით ვეღარ იქნება განხილული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის განცხადება ლ. პ-იას ბინაზე ყადაღის დადების შესახებ დარჩა განუხილველად, რადგან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა ფრიდონ ს-იას სახელზე. სააპელაციო პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით აღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად. მ.მ-ძემ განცხადებით მოითხოვა მითითებულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ შეაფასა მ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე ფრიდონ ს-იას დაკითხვის ოქმი, სადაც ფ.ს-ია ადასტურებს, რომ მან ბინა მიჰყიდა ლ. პ-იას, მაგრამ, ავადმყოფობის გამო ბინა ვერ გადააფორმა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით, 102-ე მუხლით, მიუთითა უძრავ ნივთზე საკუთრების დადგენის წესის თავისებურებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ძის საჩივრის არსებითი განხილვისას ამომწურავად იმსჯელა და სათანადოდ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეზე ფ.ს-იას დაკითხვის ოქმი და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებებზე მ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივრები და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილი, როდესაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერებაზე მსჯელობისას არ გამოიყენა ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილი. დასახელებული ნორმა ავალებს მხარეს, წარადგინოს დასაყადაღებელი ქონების მოპასუხისათვის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მ.მ-ძის მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე ფ.ს-იას დაკითხვის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ დასაყადაღებელი ბინა ლ.პ-იას ეკუთვნის. ამდენად, მ.მ-ძემ არსებული ხარვეზი გამოასწორა და მისი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის სახით ლ.პ-იას ბინის დაყადაღების შესახებ უკანონოდ დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მ.მ-ძეს არასწორად ეთქვა უარი 2009 წლის 27 მარტის განჩინების მეორე გვერდზე მითითებული მცდარი ინფორმაციის გასწორებაზე იმ საფუძვლით, რომ განჩინებაში ასახული მონაცემები ეფუძნებოდა მ.მ-ძის სარჩელსა და განმარტებებს. ფაქტობრივად, მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა არა იმ გარემოებებს, რაზეც სასამართლომ მიუთითა, კერძოდ, რომ ლ.პ-ია ჰპირდებოდა მ.მ-ძეს ანდერძით ბინის გადაცემას, რაზე უარის თქმისასაც ეს უკანასკნელი განაწყენდა, ხოლო ნ.ც-ანს მორალური ზიანი უნდა აენაზღაურებინა, რადგან არასწორად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საქმე განუხილველად დატოვა, არამედ მხარის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმას, რომ მოსამართლე ნ.ც-ანმა გააყალბა სხდომის ოქმები და დასაბუთებულად ჩათვალა მ.მ-ძის მიერ ლ.პ-იას ქონების ქურდობისა და თაღლითობის ფაქტები, რასაც შედეგად მ.მ-ძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა შეგნებულად გააყალბეს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი მათი ნ.ც-ანის ინტერესების დასაცავად, რითაც შელახეს მ.მ-ძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიმარტოს, ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დასადგენად საჭირო მტკიცებულებების გამოთხოვაზე მ.მ-ძეს უარი ეთქვა დამატებითი მტკიცებულების გამოთხოვის აუცილებლობის არარსებობის გამო, თუ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით სხვა რამ მტკიცდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. დასახელებული ნორმით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ სამართლებრივ წინაპირობას, რომლის არსებობისასაც სასამართლო უფლებამოსილია, ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ, აღნიშნული დასაშვებია მაშინ, როდესაც სასამართლოს მხარის ამა თუ იმ მოთხოვნის კანონიერებაზე, საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ მხარის მხოლოდ მოთხოვნის, და არა რაიმე მტკიცებულების, შეუფასებლობის გამო. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო არ აფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პროცესში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ძე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ.მ-ძის განცხადებაზე მსჯელობისას არ შეუფასებია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა და შს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს განყოფილებაში ფ.ს-იას დაკითხვის ოქმი. დასახელებული მტკიცებულებანი მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმისათვის, რომ დაესაბუთებინა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა არ არის საქმის არსებითი განხილვა და მასზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა არ დაიშვება. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სათანადო წესით დადასტურება. სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ შეაფასა მ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები _ საჯარო რეესტრის ამონაწერი სადავო ბინის ფ.ს-იას სახელზე აღრიცხვის შესახებ და სისხლის სამართლის საქმეზე ფ.ს-იას დაკითხვის ოქმი, როდესაც აღნიშნული დოკუმენტები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახითYლ.პ-იას ბინაზე ყადაღის დადების საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა და მ.მ-ძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივნისის გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წანამძღვრები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ მ.მ-ძის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და კერძო საჩივრის ავტორს დასახელებული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმების კანონიერ საფუძველზე არ მიუთითებია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული ხარვეზების არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები, თუმცა აღნიშნული ნორმის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათYარსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.

განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ძემ მოითხოვა მისი კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინების მეორე გვერდის მეორე აბზაცში დაშვებული უსწორობის გასწორება. სადავო აბზაცში სასამართლო აღწერს მ.მ-ძის სასარჩელო განცხადების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ.მ-ძის მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულ უსწორობის გასწორების სამართლებრივ პრინციპს, რადგან მხარეს არ მიუთითებია სასამართლოს მიერ დაშვებულ ისეთ უსწორობაზე, რომელიც შემდგომში საქმის განხილვის შედეგზე გავლენას მოახდენდა.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოების განმარტების შესახებ, თუ რას გულისხმობდა სასამართლო, როდესაც არ დააკმაყოფილა მ.მ-ძის შუამდგომლობა ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დასადგენად საჭირო მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, კერძოდ, მხარის მოთხოვნაზე უარი გამოწვეული იყო თუ არა დამატებითი მტკიცებულების გამოთხოვის აუცილებლობის არარსებობით, თუ აღნიშნულით სხვა რამ მტკიცდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ.მ-ძის განსახილველი კერძო საჩივრებით გასაჩივრებულია სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინება ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე მ.მ-ძის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე მ.მ-ძისათვის უარის თქმის შესახებ. არც ერთი გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ ეხება ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე მ.მ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო განჩინების განმარტების სამართლებრივ საფუძველზე მხარეს არ მიუთითებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.