Facebook Twitter

ას-749-1075-07 5 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ზ. მ-ი, მ. ს-ე და ვ. შ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „.. ..“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 09 მარტს სს „.. ..ს“ რეაბილიტაციის მმართველმა ი. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ზ. მ-ს, ვ. შ-ის, მ. ს-ისა და თ. ს-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით სს „.. ..ს“ რეაბილიტაციის მმართველი ი.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. ს-ს, ზ. მ-ს და ვ. შ-ს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 5299 ლარი, ზ. მ-ს და ვ. შ-ს ასევე დაეკისრათ სოლიდარული 41 525,96 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-მ, ზ. მ-მა და ვ. შ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა – მ. ს-ს – 150 ლარი, ხოლო ზ. მ-სა და ვ. შ-ს 3001 ლარი სოლიდარულად. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტათ, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდნენ, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. ს-ის, ზ. მ-სა და ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ზ. მ-მა, მ. ს-მ და ვ. შ-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ს, მ. ს-სა და ვ. შ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. მ-ს, მ. ს-ისა და ვ. შ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ს, მ. ს-სა და ვ. შ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 29-30).

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორებს (ს.ფ.31; 33; 35; 37), რაც ვ. შ-ს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 12 ოქტომბერს (ს.ფ.32), მ. ს-ს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 11 ოქტომბერს *ს.ფ. 34); ზ. მ-ს ჩაბარდა 2007 წლის 11 ოქტომბერს (ს.ფ.36). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, კასატორებს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განწუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწფიო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი¸რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გმომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. მ-ს, მ. ს-ის და ვ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. მ-ს, მ. ს-ისა და ვ. შ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება