ას-750-1047-09 8 ოქტომბერი, 2009წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. სარი (მოპასუხე)
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი_ ზ. ფ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ბ-ძე, ლ. ხ-ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. ბ-ძემ და ლ. ხ-ძემ შპს ,,სესა-აფსაროსის” და მ. სარის მიმართ და მოითხოვეს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 17972 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 539 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1000 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება. თავის მხრივ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს მ. სარმა და შპს ,,სესა-აფსაროსმა” და მოითხოვეს მოპასუიხეებზე სხვადასხვა დასახელების ქონების, იჯარით აღებულ ქონებაზე შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების და უკანონო გამოსახლებით შემოსავლების მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შენობაზე გაკრული სარეკლამო აბრის ,,სესა-აფსაროსის” დაბრუნება, ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის -1700 აშშ დოლარისა და საგადასახადო ორგანოებში ერთი წლის მანძილძე ყოვეთვიურად გადახდილი –ჯამში 4320 აშშ დოლარის მოპასუხეებზე დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ძის და ნ. ბ-ძის სარჩელი „სესა აფასროსის“, მ. სარის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „სესა აფსაროსს“ მემედ სარის სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების – ლ. ხ-ძისა და ნ. ბ-ძის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 4835 (ოთხიათას რვაასოცდათხუთმეტი) ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 193,40 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 145 ლარის გადახდა. ლ. ხ-ძისა და ნ. ბ-ძის სარჩელი შპს „სესა აფსაროსის“ მ. სარის მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს „სესა აფსაროსის“, მ. სარის შეგებებული სარჩელი ლ. და ნ. ბ-ძის მიმართ თანხების დაკისრებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ. ხ-ძესა და ნ. ბ-ძეს დაეკისრა სოლიდარულად შპს „სესა აფსაროსის“, მ. სარის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირა – 1700 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 51 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. სარის წარმომადგენელმა ზ. ფ-ძემ, მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოსარჩელეთა ლ. ხ-ძისა და ნ. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით მ. სარის წარმომადგენლის ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. სარის მიმართ ლ. ხ-ძისა და ნ. ბ-ძის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ივნისს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოპასუზე (შეგებებული სარჩელის ავტორის) მ. სარის წარმომადგენელს ზ. ფ-ძეს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 17 ივნისს მისამართზე ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ.¹70.
დადგენილია, რომ მ.სარის წარმომადგენელმა ზ. ფ-ძემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2009 წლის 6 ივლისს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საქმეზე 2\966-2008წ. მ. სარის წარმომადგენელს ზ. ფ-ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2009 წლის 17 ივნისს, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 1 ივლისი.
ვინაიდან მ. სარის წარმომადგენელს ზ. ფ-ძეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით მაგრამ მის მიერ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნაცვლად 2009 წლის 1 ივლისისა შეტანილი იქნა 2009 წლის 6 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. სარის წარმომადგენელმა ზ. ფ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილება მართალია ჩაბარდა 17 ივლისს, მაგრამ სააპელაციო საჩივარი მას არ შეუტანია ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 6 ივლისს, არამედ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ქ.ქუთაისიდან 2009 წლის 1 ივლისს, ჩააბარა საფოსტო განყოფილებას რასაც ადასტურებს „საქართველოს ფოსტის“ 2009 წლის 1 ივლისის ქვითარი ¹000018, გზავნილის ¹650, შეტყობინება ¹650-ით დასტურდება, რომ ეს გზავნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2009 წლის 6 ივლისს, სადაც იქვეა მითითებული, რომ ქუთაისში ფოსტაში კერძო საჩივარი ჩაბარებულ იქნა 2009 წლის 1 ივლისს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, მ. სარის წარმომადგენელს ზ. ფ-ძეს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 17 ივნისს (ს.ფ. 88) მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2009 წლის 1 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა ა/წ 6 ივლისს, (ს.ფ.107) სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით მ. სარის წარმომადგენლის ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. სარის წარმომადგენელმა ზ. ფ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მ. სარის წარმომადგენლის ზ. ფ-ძის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ქ.ქუთაისიდან 2009 წლის 1 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო სარპოცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დააამტკიცოს გარემოებანი, რომლეზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და არც საქმეში მოიპოვება აღნიშნულზე მიმანიშნებელი რაიმე მტკიცებულება.
შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. სარის წარმომადგენლის ზ. ფ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.