Facebook Twitter

ას-750-1076-07 5 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ფ-ე, ლ. დ-ე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ ა. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი სარჩელში– მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ნ. ფ-დ-სა და ლ. დ-ს დაეკისრათ ავტომანქანის საბაზრო ღირებულების 2000 აშშ დოლარის და ავტომობილის ქირავნობის თანხის 4400 ლარის თ. დ-ის სასარგებლოდ გადახდა.

2006 წლის 16 სექტემბერს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ფ-- დ-მა და ლ. დ-მა.

ბათუმის საქალაქო სასაართლოს 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხეებს ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2007 წლის 11 აპრილის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენელმა ა. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენლის ა. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენლის ა. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ მიიღო განსახილველად დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენელმა ა. ბ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენელის ა. ბ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე ნ. ფ--დ-ს, ლ. დ-სა და მათ წარმომადგენელს ა. ბ-ს გაეგზავნათ 2007 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ.64-65), განჩინების ასლი ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ის წარმომადგენელს ა. ბ-ს ოჯახის წევრს შორენა ფაღავას პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 21 აგვისტოს (ს.ფ.67); აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენელს ა. ბ-ს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 3 სექტემბრის ჩათვლით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 5 სექტემბერს (ს.ფ.70), ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა და ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენელის ა. ბ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ფ--დ-სა და ლ. დ-ს წარმომადგენლის ა. ბ-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.