Facebook Twitter

ას-750-1117-06 1 მარტი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. შ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის დიდუბე-ჩუღუეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს “ .. .. ..” სარჩელი შპს “ნ...” დირექტორ დ. შ-ს მიმართ, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, საწარმოს შესაქმნელად მოსარჩელესთან საკრედიტო გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, ... ქ. ¹4-ში, მდებარე ¹13 ბინის რეალიზაციის გზით 10000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

2006 წლის 13 თბერვალს დ. შ-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შემოწმებული საქმისათვის მნიშვნელოვანი იურიდიული და ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე აღნიშნული გადწყვეტილების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 3 თებერვალს და, აგრეთვე, უცნობია ის გარემოებები, რამაც განაპირობა გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება და წლების განმავლობაში არსებობა.

თბილისის სააპელაციო საამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, დ. შ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და მასზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. შ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მისთვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 1997 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია, სასამართლო პროცესზე მოწვეული არ ყოფილა და აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ 9 წლის შემდეგ შეიტყო, რის გამოც გასაჩივრების შესაძლებლობას მოკლებული იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. შ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მითითებული ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობად მიჩნეულია ის გარემოება, დაცულია თუ არა გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსრ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, გარდა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეიძლება გასაჩივრდეს მხარეებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირების მიერ საკასაციო წესით, ხოლო, ამავე კოდექსის 293-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის ან პროტესტის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში. საჩივარი ან პროტესტი, რომელიც შეტანილია აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება და უბრუნდება საჩივრის ან პროტესტის შემტან პირს. მითითებული ნორმების საფუძველზე, საქართველოს სსრ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, გარდა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თუ კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდებოდა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე, შედიოდა კანონიერ ძალაში.

განსახილველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება 1997 წლის 17 სექტემბერს მიიღო და გამოაცხადა სხდომის დარბაზში და, შესაბამისად, კანონის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 1997 წლის 17 სექტემბრიდან. აპელანტმა დ. შ-მ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 13 თებერვალს, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კანონის შესაბამისად იგი სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისთვის შეტყობინების გზით საქმის განხილვის თაობაზე ცნობილი იყო (ს.ფ.24-25).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. შ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.