Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№513აპ-17 ქ. თბილისი

გ. კ-ე, 513აპ-17 14 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის, მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

ა. ს., – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ა. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კ. გ-ა, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა კ. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 27 მაისიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ა. ს-ის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

2015 წლის 22 მაისს თ-ში, ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ-ი და ლ. ა-ი მოძრაობდნენ „ვაზ 2107-ის“ მარკის ავტომანქანით, რა დროსაც იარაღის გამოყენებით მათ თავს დაესხნენ ა. ს. და კ. გ., რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს ფულადი თანხა - 61000 დრამი და 93 ლარი.

კ. გ-ას ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით კ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2015 წლის 22 მაისს თ-ში, ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ. და ლ. ა. მოძრაობდნენ „ვაზ 2107-ის“ მარკის ავტომანქანით, რა დროსაც იარაღის გამოყენებით მათ თავს დაესხნენ ა. ს. და კ. გ., რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს ფულადი თანხა - 61000 დრამი და 93 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ა. ს-სა და კ. გ-ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას. დაზარალებულები არსებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით, რა დროსაც დაადასტურეს დანაშაულის ჩამდენი პირების ამოცნობის ფაქტი. მათ განაცხადეს, რომ მონაწილეობდნენ სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებლებსა და ექსპერტებთან ერთად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ და დეტალურად მიუთითეს ის ადგილები, სადაც ყაჩაღობა მოხდა. ავტომანქანა „ვაზ. 2107-ის“ წინა, მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან და უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია კ. გ-სა და ა. ს-სგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, საერთო მოქმედებაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე კონკლუდენტურად. თანაამსრულებლობისათვის არაა აუცილებელი საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება. ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის კონკლუდენტურ შეთანხმებასა და საერთო გეგმაზე. როგორც კ. გ., ისე ა. ს. ქმედების ამსრულებლები არიან და გამოკვეთილია ჯგუფური დანაშაული.

6. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებით ითხოვს ახალი მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებას, კ. გ-ას წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მ. ფ-ას ჩვენება ხელახლა უნდა გამოკვლეულიყო, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში იგი კანონის დარღვევით დაიკითხა. თ. ბ-ის, გ. ქ-ის, ვ. ც-ის დაკითხვა და სასამართლოში წარდგენის აუცილებლობა დაცვის მხარეს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გაუჩნდა. დასახელებული მტკიცებულებებით დადგინდებოდა ავტომანქანის თანასაკუთრების უფლება, რაც უსაფუძვლოს გახდიდა კ. გ-ს ბრალდებას. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ვაზ 2107-ით“ მოძრაობისას ლ. ა-მა შექმნა ავარიული სიტუაცია, დადასტურებულია მ. ფ-ას, კ. გ-სა და ა. ს-ის ჩვენებებით. ა. ს-მა და კ. გ-ამ განმარტეს, რომ ავარიული სიტუაციის გამო, მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მ. ფ-ას ავტომანქანამ გარკვეული დაზიანება მიიღო. დაზარალებულმა რ. ღ-მა განმარტა, რომ მათ კ. გ. ისე ესაუბრებოდა, თითქოს რაღაც მათ დააშავეს, რაც ირიბად ადასტურებს ავარიული სიტუაციის შექმნასა და ავტომანქანის დაზიანების ფაქტს.

7. კასატორის, დაცვის მხარის მითითებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან კ. გ. არ იყო ავტომანქანის მესაკუთრე, არ გააჩნდა დაზარალებულისათვის ფულის მოთხოვნის უფლება. ამ გარემოების გათვალისწინებით, კ. გ. მიიჩნია ყაჩაღობის იურიდიული შემადგენლობის სუბიექტად. ამგვარი გარემოების მითითებით კი დაცვის მხარეს გაუჩნდა ინტერესი, მოეპოვებინა მტკიცებულებები, რამაც მტკიცების ტვირთის დაცვის მხარის „ვალდებულებაში გადასვლა გამოიწვია.“ როგორც ყაჩაღობა, ისე თვითნებობა განზრახი ხასიათის დანაშაულია. ყაჩაღობა მაშინ არის გამოკვეთილი, როდესაც თავდასხმა მიმართულია სხვისი ქონების მისაკუთრებისკენ და არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. თვინებობის დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა დამამძიმებელი გარემოებაა. თვითნებობის არეალი მეტად ფართოა.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. კასატორი - ბრალდების მხარე ითხოვს ა. ს-სა და კ. გ-ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და აშკარა ხასიათის, რის გამოც არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ვერ დასტურდება ა. ს-სა და კ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ჩადენა. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №570აპ-16 და №527აპ-16 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ს-სა და კ. გ-ას გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას გამორიცხავდა.

11. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების, კ. გ-ას წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე), საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს კ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №191აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც თვითნებობის შემადგენლობას გამორიცხავდა.

12. რაც შეეხება 2017 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ არგუმენტებზე, რომელთა გამოც დაცვის მხარეს ახალი მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობაზე ეთქვა უარი და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის, მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე