Facebook Twitter

ას-752-1078-07 17 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ო-ნკო (მოსარჩელე)

კასატორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება

დავის საგანი _ მამობის დადგენისა და დაბადების მოწმობების გაუქმება, არასრულწლოვანი ბავშვის კანონიერი მეურვისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ო-ნკომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიმართ ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე გაცემული მამობის დადგენის მოწმობის, მარიამ კუზნეცოვას სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის გაუქმებისა და შვილიშვილის დაბრუნების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: მარიამ ონიშენკო არის მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ქალიშვილის _ ელენა ონიშენკოს შვილი, რომლის მეურვეც ვ. ო-ნკოა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე კუზნეცოვმა მიმართა მოპასუხეს და ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე მოითხოვა მარიამ ონიშენკოს მამად ცნობა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მისი გვარის _ ონიშენკოს ნაცვლად, კუზნეცოვას მითითება. მოპასუხემ უკანონოდ გაიზიარა ალ.კუზნეცოვის მოთხოვნა და არასწორად გასცა მ.ონიშენკოს მამად ამ უკანასკნელის ცნობის შესახებ ¹დნ 096277 და ¹ნკ 560428 დაბადების მოწმობები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ბავშვი მოსარჩელეს ჩამოერთვა და გადაეცა ალ.კუზნეცოვს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 27 დეკემბერს მას მიმართა ალექსანდრე კუზნეცოვმა და, “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა მარიამ ონიშენკოს მამობის დადგენა. განცხადებას დაურთო ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა. დასახელებული დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირად ჩაება ალექსანდრე კუზნეცოვი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ო-ნკოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ალექსანდრე კუზნეცოვის წარმომადგენელმა ელენე ტუკვაძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მარიამ კუზნეცოვას მეურვედ ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ვ. ო-ნკოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე გაცემული ¹დნ 096277 მამობის დადგენისა და ¹ნკ 56046 დაბადების მოწმობები, ალექსანდრე კუზნეცოვის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო რეგისტრაციის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის განყოფილების უფროს მ.გიგიბერიძის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹162 დასკვნით, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 103-ე მუხლის საფუძველზე, ალექსანდრე კუზნეცოვის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მარიამ ონიშენკოს გვარი შეიცვალა კუზნეცოვით, შესაბამისად, შესწორდა დაბადების სააქტო ჩანაწერი. სასამართლომ მიუთითა, რომ ალექსანდრე კუზნეცოვის მამობა დადგინდა ამავე კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ნორმა მამობის დადგენას ითვალისწინებს ბავშვის დაბადების მომენტში დედის გარდაცვალებისას, მოცემულ შემთხვევაში კი ბავშვის _ მარიამ ონიშენკოს დაბადებისას დედა ელენა ონიშენკო ცოცხალი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1193-ე მუხლის შესაბამისად, მ.ონიშენკოს მამის სახელად დედის მიერ მითითებულია სახელი ალექსანდრე. სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 1190-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ქუთაისის სამსახურს არ ჰქონდა უფლება, ალ.კუზნეცოვი მ.ონიშენკოს მამად ეცნო და გაეცა მამობის დადგენისა და შესწორებული დაბადების მოწმობები, რადგან მამობის დადგენის უფლება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. ამდენად, პალატის მითითებით, მამობის დადგენისა და შესწორებული დაბადების მოწმობების გაცემა მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ სასამართლოს მიერ ალ.კუზნეცოვის მ.ონიშენკოს მამად ცნობის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ალ.კუზნეცოვის წარმომადგენელ ე.ტუკვაძის შეგებებული სარჩელი დაუშვებელია, რადგან იგი შეტანილია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ო-ნკომ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მოთხოვნაზე შვილიშვილის დაბრუნების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ვ.ონიშენკოს განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ო-ნკოს სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე გაცემული მამობის დადგენის მოწმობის, მარიამ კუზნეცოვას სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის გაუქმება და შვილიშვილის დაბრუნება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი 2007 წლის 19 ივნისის შუამდგომლობითა და სასამართლო მთავარ სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და ბავშვის დაბრუნება აღარ მოუთხოვია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მხარის მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდებოდა და ბავშვის დაბრუნების მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებდა. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ვ. ონიშენკომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიმართ ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე გაცემული მამობის დადგენის მოწმობისა და მარიამ კუზნეცოვას სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის ბათილად ცნობა, მათი აღსრულების შეწყვეტა და მცირეწლოვანი მარიამ ონიშენკოს კანონიერი მეურვე ვ. ო-ნკოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განიხილა მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაცვლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან დავა ეხებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რომელიც გამოტანილ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევით და უფლებამოსილების გადამეტებით. ამდენად, მისი გაუქმება, ანუ ბათილად ცნობა უნდა მომხდარიყო არა სამოქალაქო საპროცესო და სამოქალაქო კოდექსებისა და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის საფუძველზე, არამედ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის დაცვით, უფრო ახალი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე. დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების, 43-ე მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, მე-60 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სადავო მოწმობები უნდა გაუქმდეს ანუ ბათილად იქნეს ცნობილი და მათი აღსრულება შეწყდეს. ანალოგიური შედეგი შესაძლოა დამდგარიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 81-82-ე მუხლებისა და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 85-ე, 103-ე მუხლების გამოყენებით, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო, მოტყუებით დადებული გარიგებების შედეგად შექმნილი დოკუმენტები ცნობილ იქნებოდა ბათილად, თუმცა აღსრულების შეწყვეტის მითითების გარეშე და სარჩელის მეორე მოთხოვნა ვერ გადაწყდებოდა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სადავო დოკუმენტების ბათილად ცნობასთან ერთად სასამართლოს უნდა ემსჯელა მცირეწლოვანი მ.ონიშენკოს კანონიერი მეურვისათვის დაბრუნებაზე, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას. მოცემული სარჩელი შეიცავდა როგორც ადმინისტრაციული წესით განსახილველ მოთხოვნას, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადასაწყვეტ საკითხებს და, რადგან აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა ყველა მოთხოვნაზე, რაც არ განუხორციელებია და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურს უფლება არა აქვს შეიტანოს სარჩელი მის მიერ გაცემული სადავო მოწმობების კანონიერებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ შეუძლია ასევე გაასაჩივროს მითითებულ საკითხზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, მაშასადამე, სააპელაციო პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება მისთვის კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც მცირეწლოვანი მ.ონიშენკო დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ბებიას. მ.ონიშენკო უკანონოდ იმყოფება სხვა პირებთან, რომლებიც ნებაყოფლობით არ უბრუნებენ ბავშვს კანონიერ მეურვეს.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1192-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს დაუქორწინებელი მშობლების მიერ ბავშვის ჩაწერას და დასახლებული ნორმის მეორე ნაწილის მიხედვით, დასაშვებია ბავშვის ჩაწერა მამის განცხადების საფუძველზეც. აღნიშნული შესაძლებელია მოხდეს დედის გარდაცვალების შემთხვევაში, რა დროსაც მამის შესახებ ჩანაწერის გასაკეთებლად საკმარისია მხოლოდ მამის განცხადება და სხვა პირთა ნებართვა საჭირო არ არის. სასამართლომ არასწორად განმარტა “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 65-ე მუხლი და ბავშვის დაბადების მომენტად ჩათვალა უშუალოდ ბავშვის გაჩენის მომენტი. ეს რომ ასე იყოს, კანონმდებელი არ მიუთითებდა ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა დედის ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობა, დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა და ა.შ. აღნიშნული გარემოებების დასადგენად კი საკმაო დროა საჭირო, ამდენად, კანონით გათვალისწინებული “ბავშვის დაბადების მომენტი” უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გაგებული, ვიდრე უშუალოდ ბავშვის დაბადებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სადავო მოწმობები გასცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამოქალაქო რეგისტრაციის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის განყოფილების უფროსის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹162 დასკვნით, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 103-ე მუხლის საფუძველზე, ალექსანდრე კუზნეცოვის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა მარიამ ონიშენკოს მამად და ბავშვის გვარი შეიცვალა კუზნეცოვით, შესაბამისად, შესწორდა დაბადების სააქტო ჩანაწერი. ასევე დადგენილია, რომ მარიამ ონიშენკოს დედა _ ელენე ონიშენკო გარდაიცვალა 2006 წლის 10 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ონიშენკოს საკასაციო და კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მცირეწლოვანი შვილიშვილის აღსაზრდელად დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობის დადგენა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.

უსაფუძვლოა კასატორ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1192-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საფუძველს კასატორის მოქმედების კანონიერად მიჩნევისათვის. აღნიშნული ნორმით, თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადებით.

მშობლებისაგან შვილების წარმოშობის დადგენა მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტია. დაუქორწინებელ მშობელთა შვილის მიმართ მამობის დადგენა წარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით. ამგვარი განცხადების საფუძველზე ბავშვის მამად ცნობა შესაძლებელია როგორც დაბადების რეგისტრაციის დროს, ასევე მის შემდეგაც, ნებისმიერ დროს. ასეთი ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მშობლის ვინაობის განსაზღვრა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული (განსაკუთრებულად რთულია ბავშვის მამისაგან წარმოშობის დადგენა) და იგი გარკვეული ფაქტების დადგენა-შემოწმებასთანაა დაკავშირებული. სწორედ აღნიშნული გარემოებითაა გამოწვეული, რომ მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობის დადგენა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.

უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ალ.კუზნეცოვს ბავშვის დაბადების მომენტისათვის, ვიდრე დაბადების მოწმობის გაცემამდე და არც ბავშვის დედის – ე.ონიშენკოს გარდაცვალებამდე არ მოუთხოვია ბავშვის მამად ცნობა. ამდენად, დაუქორწინებელ მშობელთა ბავშვის მამად ცნობისათვის აუცილებელია რა მშობელთა ერთობლივი განცხადება, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურს მხოლოდ ასეთი განცხადების შემთხვევაში შეეძლო ბავშვის მამად ალ.კუზნეცოვის რეგისტრაცია.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1192-ე მუხლის მეორე ნაწილს, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევას, როდესაც ობიექტური გარემოებების გამო (დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა) შეუძლებელია მშობელთა ერთობლივი განცხადების წარდგენა. ამასთან, მითითებული ნორმა კონკრეტული პერიოდისათვის, ბავშვის დაბადების მომენტისათვის, არის გათვალისწინებული და ადგენს მამობის დადგენას მხოლოდ მამის განცხადების საფუძველზე. ამ დასკვნას ამყარებს “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, რომლის ძალითაც, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის მშობლები დაუქორწინებელი არიან, მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის მამის განცხადება დედის გარდაცვალების, ქმედუუნაროდ ცნობის, ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის, აგრეთვე, დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ ვ.ონიშენკოს მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მის სასარჩელო მოთხოვნაზე მცირეწლოვანი შვილიშვილის აღსაზრდელად დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა ვ.ონიშენკოს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვ.ონიშენკომ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და შვილიშვილის დაბრუნება არ მოუთხოვია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვ.ონიშენკომ სარჩელით მიმართა რა სასამართლოს, მამობის დადგენისა და დაბადების მოწმობის გაუქმებასთან ერთად, მოითხოვა შვილიშვილის დაბრუნება. საქმეში არსებული სააპელაციო საჩივრით ვ.ონიშენკოს სასარჩელო მოთხოვნები არ შეუცვლია და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ასაჩივრებდა მთლიანად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ადგენს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მხარეები თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ და ასევე მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა დაასრულოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მხარე უარს ამბობს სარჩელზე, უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტი) ან თუკი არსებობს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი სასამართლომ საქმის წარმოება სარჩელთან დაკავშირებით შესაბამისი განჩინებით უნდა დაასრულოს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა, რომ სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ორი სასარჩელო მოთხოვნა, არ იმსჯელა ამავე სარჩელით წარმოდგენილი მესამე მოთხოვნაზე.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხარის მოთხოვნაზე და თუკი მხარე უარს აცხადებს სარჩელზე ან არსებობს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ო-ნკოს საკასაციო და კერძო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინება; გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება მცირეწლოვანი შვილიშვილის აღსაზრდელად დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.