ას-753-1120-06 30 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. კ-ე (მოპასუხე, მოსარჩელე _ შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. და ზ. კ-ები (მოსარჩელეები, მოპასუხეები _ შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. და ლ. კ-ებმა 2001 წლის 8 ნოემბერს სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში ი. კ-ის მიმართ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე სახლი ირიცხება მ. ნ-ის ასულ ბ-ის სახელზე, სახლის საცხოვრებელი ფართია 83.2 კვ.მ., დამხმარე – 23,50 კვ.მ, ასევე სახლზე უკანონოდ მიშენებულია 68.75 კვ.მ-იანი ოთახები. მ. ბ-ი გარდაიცვალა 1990 წლის 19 აპრილს, მას ჰყავდა სამი შვილი: შ., ნ. და ზ. ბ-ები. მის სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლნენ თანმყოფი მემკვიდრეები – შ. და ნ. ბ-ები; მართალია, ზ. ბ-ი სამკვიდროს არ დაუფლებია, მაგრამ შ. და ნ. ბ-ები წინააღმდეგი არ იყვნენ სამკვიდროდან 1\3 წილი მისთვის დაეთმოთ. ნ. ბ-ი გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს, რომელსაც დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: პირველი ქორწინებიდან შვილები – მოსარჩელეები _ ლ. და ზ. კ-ები და მეუღლე – მოპასუხე ი. კ-ე. ი. კ-ე მთლიანად დაეუფლა ნ. ბ-ის სამკვიდროს, ხოლო ლ. და ზ. კ-ებმა (მოსარჩელეებმა) კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს ნოტარიუსს, მაგრამ სამკვიდროს მიღება ვერ განხორციელდა მოპასუხე ი. კ-ის პრეტენზიის გამო. ვინაიდან მ. ბ-ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შ., ნ. და ზ. ბ-ები, რომლებიც დაეუფლნენ სამკვიდროს (თითოეულს 1\3-1\3 წილი), მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნ. ბ-ის კუთვნილი 1\3 წილის სამ პირზე განაწილება – ლ. და ზ. კ-ებსა და ი. კ-სათვის 1\3-1\3 წილის გამოყოფა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ი. კ-მ შეიტანა შეგებებული სარჩელი ზ. და ლ. კ-ების მიმართ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის შესახებ. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ ნ. ბ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაშია 1990 წლის 11 ნოემბრიდან, არის მეუღლის ქონების თანამესაკუთრე, შესაბამისად, ნ. ბ-ის წილი უნდა გაიყოს შუაზე და ნახევარი მას უნდა მიეკუთვნოს, ხოლო დარჩენილი _ განაწილდეს ნ. ბ-ის მემკვიდრეებზე: ი. კ-ზე, ზ. და ლ. კ-ებზე. ი.კ-მ მოითხოვა ასევე უკანონოდ მიშენებული _ 62,75 კვ.მ-ის ზემოთ აღნიშნული წესით გაყოფა.
რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა მესამე პირმა ნ. კ-მ და მიუთითა, რომ გორის სახალხო სასამართლოს 1986 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით გამოეყო ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე სახლიდან ¹2 ოთახი დამხმარე სათავსებით და შესახლებულ იქნა ამ ბინაში. მან მოითხოვა მემკვიდრეებს შორის დავის გადაწყვეტისას ამ გარემოების გათვალისწინება და ¹2 ოთახის მის სარგებლობაში დატოვება.
რაიონულ სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართეს შ. და ზ. ბ-ებმა, ლ. და ზ. კ-ებმა 2003 წლის 12 თებერვალს მოპასუხე ი. კ-ის მიმართ (მესამე პირები ნ. კ-ე, ... ნოტარიუსი ლ. გ-ი) და მოითხოვეს სამკვიდრო ქონების მათ მიერ მიღებულად ცნობა, ამავე დროს სამკვიდროს განაწილება იდეალურად – 1/3-1/3 წილის შ. და ზ. ბ-ებზე, ხოლო 1/3 წილის ნ. ბ-ის შვილებზე – ლ. და ზ. კ-ებზე.
აღნიშნულ დამატებით სარჩელზე ი. კ-მ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც მიუთითა, რომ შ. და ზ. ბ-ები (ა-ე) თავდაპირველ სარჩელში მითითებული არიან როგორც მესამე პირები, ამიტომ მათ უნდა წარმოედგინათ არა დამატებითი, არამედ დამოუკიდებელი სარჩელი, რის გამოც დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე სახლი არ ყოფილა მთლიანად მ. ბ-ის საკუთრება, არამედ ეკუთვნოდა მის მეუღლესაც ნ. ბ-ს და ითხოვა მათი წილების გამიჯვნა, ხოლო შემდეგ მემკვიდრეთა წილების განსაზღვრა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ი. კ-მ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა ზ., ლ. კ-ების და ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისთვის ნ. ბ-ის სამკვიდროს მიღებულად ჩათვლა.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. და ლ. კ-ების სარჩელი ი. კ-ის მიმართ, მესამე პირი ზ.ბ-ი, სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო; მესამე პირის ნ. კ-ის დამოუკიდებელი სარჩელი ი. კ-ის მიმართ განსაზღვრული ფართის მის სარგებლობაში დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო; ზ. ბ-ის, ზ. და ლ. კ-ების სარჩელი ი. კ-ის მიმართ, მესამე პირები ნ. კ-ე და ნოტარიუსი ლ. გ-ი, სამკვიდროს მიღებულად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო; ი. კ-ის შეგებებული სარჩელი ზ. და ლ. კ-ების მიმართ, მესამე პირი ზ. ბ-ი, სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი. კ-ს მიღებულად ჩაეთვალა ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე სახლის ძირითადი და დამხმარე ფართი ეზოთი.
ზ. ა-ის, ლ. კ-ის, ზ. კ-ის, ნ. კ-ისა და შ. ბ-ის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ის საჩივრის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის არსებითი განხილვა. გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. და ლ. კ-ების სარჩელი ი. კ-ის მიმართ, მესამე პირი ზ. ბ-ი, სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო; მესამე პირის ნ. კ-ის დამოუკიდებელი სარჩელი ი. კ-ის მიმართ განსაზღვრული ფართის მის სარგებლობაში დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო; ზ. ბ-ის, ზ. და ლ. კ-ების სარჩელი ი. კ-ის მიმართ, მესამე პირები ნ. კ-ე და ნოტარიუსი ლ. გ-ი, სამკვიდროს მიღებულად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო; ი. კ-ის შეგებებული სარჩელი ზ. და ლ. კ-ების მიმართ, მესამე პირი ზ. ბ-ი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ქ. გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე სახლის ძირითადი და დამხმარე ფართი ეზოთი მიღებულად ჩაეთვალა მოპასუხე ი. კ-ს.
მოსარჩელეთა და მესამე პირის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით გაუქმდა. შ. ბ-ის გარდაცვალების გამო საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაება მისი მეუღლე ე. ბ-ი. იმავე პალატის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ი-ა-ის სარჩელი, ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე მ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის იდეალურ წილში 1/3-ის მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; დაკმაყოფილდა შ. ბ-ის უფლებამონაცვლის მ- ბ-ის სარჩელი და იგი ცნობილი იქნა ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე მ. ბ-ის დანაშთი საცხოვრებელი სახლის იდეალურ წილში 1/2-ის მესაკუთრედ. ნ. კ-ს უარი ეთქვა სარჩელზე ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე მ. ბ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ¹2 ოთახის და დამხმარე სათავსოს მოსარგებლედ ცნობის თაობაზე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. და ლ. კ-ების სარჩელი და ისინი ცნობილ იქნენ ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე მ. ბ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, თითოეული 1/6 წილზე მესაკუთრედ; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ქ.გორში, ... ქ. ¹114-ში მდებარე მ. ბ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ 1/6 წილზე.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ზ. და ლ. კ-ების სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
ი. კ-მ 2006 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ის, რომ ლ. და ზ. კ-ების და ზ. ა-ის მიერ 1995 წლის 4 ივლისს სანოტარო კანტორაში წარდგენილი განცხადებები, რომლითაც ისინი ითხოვდნენ 1990 წელს გარდაცვლილი მ. ბ-ის სამკვიდროს, ყალბია, რადგან იგი ერთი პირის მიერაა შედგენილი და ხელმოწერილი. განმცხადებლის მოსაზრებით, ყალბია ასევე გორის ნოტარიუსი მ. მ-ის მიერ 2002 წლის 11 თებერვალს გაცემული სანოტარო აქტი, რადგან მასში ლ. კ-ის რეკვიზიტები არ არის სრულყოფილად მითითებული და არც მარწმუნებლის ხელმოწერაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინებით განმცხადებელ ი. კ-ს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების ხარვეზების შესავსებად, კერძოდ, განცხადების ვადაში შეტანის დასადასტურებლად და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. განცხადების ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. კ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. კ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მისი ხელფასის ოდენობის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული განმცხადებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ შევსებულია განცხადების ხარვეზი და წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა 2006 წლის 7 ნოემბერს 16.00 საათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი.კ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებაზე საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით არასწორად მიიღო წარმოებაში ი.კ-ის განცხადება, რადგან ი.კ-ის კერძო საჩივარი მისი დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2006 წლის 13 ივლისს განხორციელებული ცვლილებების გამო ამავე კოდექსის 417-ე მუხლით უნდა გადაგზავნილიყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის, ვადა. საქმის ფურცელ 195-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის შეტყობინების თანახმად ირკვევა, რომ მას ზემოაღნიშნული განჩინება პირადად ჩაბარდა 2006 წლის 19 ივნისს. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადა ამოიწურა 2006 წლის 29 ივნისს, ი.კ-მ კი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 198-200).
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ი. კ-მ 2006 წლის 25 აგვისტოს შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 207-208)
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა ი.კ-ის კერძო საჩივარზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ შემდგომ 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ ი.კ-ის კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირდაპირ უნდა გადაგზავნილიყო ზემდგომ სასამართლოში (ს.ფ. 223-225). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება და ი.კ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე უნდა იმსჯელოს საკასაციო პალატამ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად მიიჩნია, რომ ი.კ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ხელფასის ოდენობის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ი.კ-მ ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, ი.კ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ი. კ-ის განცხადების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება.
ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.