Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№560აპ-17 ქ. თბილისი

მ. ბ-ა, 560აპ-17 14 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით ბ. მ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ბ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 7 ნოემბრიდან. ბ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, კ-ში, --ში მდებარე ავტომანქანების სადგომის ტერიტორიაზე, ე.წ -- ბ. მ-მა, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის დარტყმით, მუცელში შემავალი ჭრილობა მიაყენა ი. ხ-ას, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ბ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ალტერნატივის სახით კასატორი ითხოვს შეფასებას გადააცილა თუ არა ბ. მ-მა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. კასატორის მოსაზრებით, მოსამართლემ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა აუცილებელი მოგერიება, რაც მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანაზე მიუთითებს. სასამართლოს არ დაუდგენია მკვლელობის მოტივი და კონფლიქტის მიზეზი. განაჩენის საწყის, შუა და ბოლო ნაწილებზე დაკვირვებით დგინდება, რომ მოსამართლე ბრალდებულის ჩვენებების იმ ნაწილებს იყენებს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ესაჭიროება. გ. კ-მა და გ. ფ-მა ნათლად დაინახეს, რომ როდესაც გარდაცვლილი ეცემოდა, ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა.

6. კასატორის მოსაზრებით, ბრალდებულს არ განმარტვია, რომ უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ნიმუშის აღებასა თუ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. მას არ ჰყოლია ადვოკატი დაკავებიდან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე. ბ. მ-ის მიერ ი. ხ-ას მოკვლის განზრახვა დადგენილი არ არის. ბ. მ-ის ჩვენება სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიყენა. კასატორის მითითებით, ბ. მ. თავს იცავდა და იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №424აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. მ-ის მსჯავრდებისათვის არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინა პირობათა ელემენტები სრულყოფილად განიხილა, შეაფასა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და ამასთან არც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება გამოკვეთილა.

10. კასატორის მითითებით ბ. მ-ს დაერღვა პროცესუალური უფლებები. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც დაკავების, ისე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს საპროცესო სამართლის ნორმები არ დარღვეულა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე