ას-754-1121-06 15 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ მ....” (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გარდაბნის სოფელ კ...ს და ლ...ს მოსახლეობამ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში შპს “ .. ..” წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2001 წლის 22 დეკემბერს გარდაბნის რაიონში, სს “ .. ..” კუთვნილ მე-10 ენერგობლოკზე მოხდა აფეთქება, რამაც სოფელ კ...ისა და ლ...ს მოსახლეობას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. ზიანმა შეადგინა 3 304 46800 ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გარდაბნის სოფელ კ...ისა და ლ...ს მოსახლეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ. გ-ს მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან, მას არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 96).
ლ. გ-მა განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება (სფ101).
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ს გაუგრძელდა 10 დღით ვადა ხარვეზი გამოსასწორებლად (ს.ფ. 102).
ლ. გ-მა განცხადება შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება (ს.ფ. 107).
სააპელაციო სასამართლოს 4 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ. 109).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. გ-მა (ს.ფ. 114). მან მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები, რომლებსაც დანაშაულის შედეგად მიადგათ ზიანი. ვინაიდან აპელანტებს მიადგათ ზიანი შპს “მ...ის” დანაშაულის შედეგად, ისინი უნდა გათავისუფლდენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა არის ეკომიგრანტი, მათ არ გააჩნიათ საარსებო წყარო და მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ აპელანტებს შპს “მ...ის” დანაშაულის შედეგად მიადგათ ზარალი. მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში არის შესაძლებელი მხარე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით ლ. გ-ს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნულ განჩინებაზე მან შეიტანა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ლ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ვადა 10 დღით ხარვეზის შესავსებად. ლ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.