Facebook Twitter

¹ას-755-971-08 14 ნოემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. თ-ანი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ო-ანი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წის 27 მარტს ჯ. თ-ანმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ო-ანის მიმართ პირუტყვის საფასურის გადახდევინებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა ზეპირი გარიგების შესაბამისად, ორი სული დეკეულის საფასურის _ 500 ლარის, ასევე მყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 495 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-ანმა, მოითხვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ო-ანმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ადვოკატის მომსახურების 100 ლარის ოდენობით გადახდილი თანხა არ გაითვალისწინა და ხელოვნურად შეამცირა სარჩელის ფასი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმღვანელოს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და კანონით. დავის საგნის განსაზღვრის წესი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40-41-ე მუხლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება _ გადასახდელი თანხით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ. თ-ანის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ორი დეკეულის ღირებულების - 500 ლარისა და ზიანის - 495 ლარის ანაზღაურება, რაც ერთად შეადგენდა 995 ლარს და რაც არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ადვოკატის მომსახურების 100 ლარის ოდენობით გადახდილი თანხა არ გაითვალისწინა და ხელოვნურად შეამცირა სარჩელის ფასი. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებაა 995 ლარი, ხოლო კერძოO საჩივრის ავტორის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 100 ლარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პროცესის ხარჯებს, შესაბამისად, იგი დავის საგნის ღირებულებაში ვერ ჩაითვლება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ო-ანის კერძოO საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ო-ანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.