¹ას-757-1083-07 17 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ნ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ე.პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „... ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – თანხის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის კრედიტის სახით გაცემული თანხის _ 81694 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 2003 წლის 24 ოქტომბერს ¹...-2003 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა საბანკო კრედიტი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით. ჯ.ნ-მ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მისმა დავალიანებამ შეადგინა 81694 აშშ დოლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ნ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 81694 აშშ დოლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ჯ. ნ-მ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ჯ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ჯ.ნ-ის წარმომადგენელმა ე. პ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და აპელანტს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი _ 400 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად, რისთვისაც მისცა აპელანტს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 3267,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადასახდელად. აპელანტმა იშუამდგომლა ზემოხსენებული ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილდა და განუმარტა მხარეს, რომ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლოს მითითებით, განჩინების ასლი ჯ.ნ-ის წარმომადგენელ ე.პ-ს ჩაბარდა, თუმცა მხარეს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, არამედ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ 400 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან მისი გადავადება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს თავისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ.ნ-ის წარმომადგენელმა ე.პ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში აპელანტმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის ქვითარი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან გადავადება. ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა მხარის ზემოხსენებულ მოთხოვნაზე და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული ეცნობებინა აპელანტისათვის და მიეცა დამატებით გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც სააპელაციო პალატას არ განუხორციელებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ჯ. ნ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ჯ.ნ-ის წარმომადგენელ ე.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაუდგინა ხარვეზი და აპელანტს მისცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა მხარის თხოვნით 1 თვით გაგრძელდა და მხარეს განემარტა მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგი, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და წარადგინა მხოლოდ 400 ლარის გადახდის ქვითარი. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის შემცირების ან გადავადების შესახებ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯ.ნ-ის წარმომადგენელ ე.პ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტმა უნდა შეავსოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნება დაუშვებლად და არ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ჯ.ნ-ის წარმომადგენელ ე.პ-ს ხარვეზის შესავსებად ვადა ორჯერ უშედეგოდ განესაზღვრა, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების შესახებ აპელანტის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დამატებით მიეცა ვადა მხარისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად, ვინაიდან ხარვეზის ვადის გაგრძელებისას მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი, რაც აპელანტს არ გაუთვალისწინებია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების წინაპირობების არარსებობის შესახებ, ვინაიდან აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ნ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.