¹ას-757-1124-06 24 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ .. .. ..“
მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 16 თებერვალს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. პ-მ და აღნიშნა, რომ შპს „ .. .. ..“ თბილისის ... უბნის დირექტორის ბრძანება ¹219 18.01.2005-ით გათავისუფლდა ... თანამდებობიდან საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა დისციპლინის შესახებ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის მე-12 ქვეპუნქტის თანახმად (ს.ფ. 2). გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2004 წლის 20 დეკემბრის აქტი, რომლითაც მის ვაგონში დაფიქსირებულია 9 უბილეთო მგზავრი. მოსარჩელის განცხადებით, მან ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა მატარებლის უფროსი, ხოლო უბილეთო მგზავრებისათვის ბილეთების გამოწერა ხდება მატარებლის გასვლიდან ერთი საათის შემდეგ, მაშინ როცა მის შემთხვევაში აქტის შედგენა მოხდა მატარებლის გასვლიდან მხოლოდ 20-25 წუთის შემდეგ. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია გათავისუფლება და ითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. 2005 წლის 1 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უბილეთო მგზავრის გადაყვანა რკინიგზის სისტემაში ითვლება ყველაზე მძიმე დარღვევად და სანქციად გათავისუფლების გამოყენება კანონიერად მიიჩნია. მან ასევე მიუთითა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის ¹24 ბრძანებით დამტკიცებულ რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების 33-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომლითაც მსვლელობის გზაზე გამყოლი უზრუნველყოფს, რათა არ დაუშვას მგზავრების უბილეთო გადაყვანა და დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა. ყველა სადგურში, გაგზავნის პუნქტების გარდა, მგზავრები ჩასხდომისას დაიშვებიან მატარებლის ნებისმიერ ვაგონში სამგზავრო დოკუმენტებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. პ-ს სარჩელი და აღდგენილ იქნა იგი შპს „ .. .. ..“ ... თანამდებობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“ წარმომადგენელმა თ. გ-მა. სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „ .. .. ..“ წარმომადგენლის თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“ წარმომადგენელმა ი. კ-მ. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გაჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ .. .. ..“ კერძო საჩივარი და მიღებული იქნა წარმოებაში შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო.
სააპელაციო პალატის 2006 წლის 09 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ .. .. ..“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005 წლის 16 დეკემბერს, რაც დასტურდება ს.ფ. 38-ზე შპს ,, .. .. ..” ბეჭდით დამოწმებული ხელწერილით, ხოლო სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს „.. .. ..“ შეიტანა 2006 წლის 03 იანვარს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს. იგი უთითებს სსკ-ის 259-ე მუხლს, რომლის თანახმადაც მხარეები სასამართლო გადაწყვეტილების ასლს უგზავნის სასამართლოს კანცელარია. სასამართლოს გადაწყვტეტილება დამოწმებული უნდა იქნეს კანცელარიის მდივნის ხელმოწერით და სასამართლოს ბეჭდით. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში იყო წარდგენილი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ შპს „ .. .. ..” გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე პ-ს მიერ, პირადი ინიციატივით შპს „ .. .. ..“ კანცელარიაში 2005 წლის 16 დეკემბერს შეტანილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილების ქსეროასლი, რომლის ნამდვილობა და დედანთან შესაბამისობა არ არის დამოწმებული კანცელარიის მდივნის ხელმოწერით და სასამართლოს ბეჭდით, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნები. კერძო საჩივრის ავტორის აზრით სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს გზავნილით გადმოგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ .. .. ..“ კანცელარიაში რეგისტრირებულია 2005 წლის 19 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2006 წლის 03 იანვარს, კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინება და მიღებული იქნას წარმოებაში შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 3 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ .. .. ..“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ .. .. ..” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ შპს „ .. .. ..“, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005 წლის 16 დეკემბერს, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი სპირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე პ-ს მიერ, პირადი ინიციატივით შპს „ .. .. ..“ კანცელარიაში 2005 წლის 16 დეკემბერს შეტანილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილების ქსეროასლი, რომლის ნამდვილობა და დედანთან შესაბამისობა არ არის დამოწმებული კანცელარიის მდივნის ხელმოწერით და სასამართლოს ბეჭდით, ხოლო კანონით დადგენილი წესით სასამართლოს გზავნილით გადაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ .. .. ..“ კანცელარიაში რეგისტრირებულია 2005 წლის 19 დეკემბერს. (ს.ფ.40)
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2005 წლის 19 დეკემბრიდან, როცა მხარეს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „….. .. ..“კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.