Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-757-973-08 31 დეკემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე_ თ. და მ. ს-ანები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. და მ. ს-ანებმა სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს და განმარტეს, რომ 2007 წლის 4 აგვისტოს თავიანთი კუთვნილი მერსედეს-ბენცის მარკის ავტომანქანით მოძრაობდენენ თელავის რუისპირის მიმართულებით, ხოლო მათ საპირისპიროდ ზ. მ-შვილის კუთვნილი ,,ვაზ_21063” მარკის ავტომანქანით მოძრაობდა მისი შვილი დავით მატუაშვილი, რომელიც გადავიდა მოსარჩელეების სავალ ნაწილზე და შეეჯახა მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შედეგადაც თ. და მ. ს-ანებმა მიიღეს როგორც ფიზიკური დაზიანებები, ასევე განიცადეს მატერიალური და მორალური ზიანი, რადგან მთლიანად განადგურდა მათი ავტომანქანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებს ზიანის ანაზრაურების სახით დაკისრებოდა 12446 ლარის გადახდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების თ. და მ. ს-ანების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ზ. მ-შვილს დაეკისრა 7760 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 8 ივნისს, ხოლო ზ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში შეიტნა 2008 წლის 24 ივნისს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში უნდა წარედგინა 2008 წლის 23 ივნისს ოცდაოთხ საათამდე

პალატა თვლის, რომ ზ. მ-შვილმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინების ასლი მის ოჯახს ჩაბარდა 2008 წლის 14 ივნისს. სააპელაციო საჩივარი კი შემოტანილი აქვს ჩაბარებიდან მეათე დღეს, 24 ივნისს. მის მიერ განჩინების ასლის ჩაბარების თარიღს ადასტურებს შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, ასევე შპს „სკს-ს“ კურიერისაგან მის მიმართვაზე, მიღებული პასუხი, რომ სასამართლოს გზავნილი საქმე ¹2/38-ზე ჩაბარდა მის მეუღლეს - თამარ მატუაშვილს 2008 წლის 14 ივნისს. აღნიშნულის დასადასტურებლად იგი საჩივარს ურთავს სასამართლოში გზავნილების ჩაბარების დადასტურების ჟურნალის ასლს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს შპს „სკს-გან“ პასუხი დაუბრუნდა 16.06.2008 წ., ხოლო მისთვის უცნობია საქმის ფურცელ 80-ზე რა თარიღი წერია ჩაბარების თარიღად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას განჩინების გასაჩივრების ვადა არ გაუშვია და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველიც არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩ8ვრის ავტორმა მოითხოვა მოითხოვა 2008 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ ზ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს და მისი დენა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან აღნიშნული ვადა აღდგენას არ ექვემდებარება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 8 ივნისს, (ს.ფ. 80) ხოლო ზ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში შეიტნა 2008 წლის 24 ივნისს,(ს.ფ.82) ზემოხსენებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი მის ოჯახს ჩაბარდა 2008 წლის 14 ივნისს, რის დასადასტურებლად წარმოადგინა სასამართლო გზავნილის ასლი და შპს ,,სკს”-ს კურიერის წერილი. მოცემულ მტკიცებულებებს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ საიდანაც ირკვევა, რომ გასაჩივრებული გადწყვეტიელება ზ. მ-შვილს ჩაბარდა 2008 წლის 8 ივნისს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებული გზავნილის მონაცემებს და თვლის, რომ ზ. მატუაშვილმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ზურაბ მატუაშვილის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.