¹ ბს-1072-913-კ-04 28 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
01.05.03წ ნ. გ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის ი. გ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის _ რ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003წ. აპრილში თელავის უნივერსიტეტში ჩატარებული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებზე პედაგოგიკის კათედრის დოცენტმა ლ. ი-მა თავისი კანდიდატურა წარადგინა უნივერსიტეტის შინაგანაწესის III თავის 3.2 პუნქტის დარღვევით, რადგან დეკანობის კანდიდატის რეკომენდაცია უნდა წარედგინა თავისივე კათედრიდან ან ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოდან. ლ. ი-მა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ასეთი რეკომენდაცია წარადგინა ქართული ენის კათედრიდან. მოსარჩელემ მოითხოვა სზაკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდა უნივერსიტეტის დებულების და სასწავლო დოკუმენტაციის 2.3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კანონის სრული დაცვით, რომლის თანახმად, ლ. ი-მა რეკომენდაცია წარმოადგინა ფილოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი კათედრიდან. მოპასუხის განმარტებით, ლ. ი-ი არჩევნების დროისათვის იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ამავე ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს და ბუნებრივია, რომ დეკანის თანამდებობაზე კენჭისსაყრელად რეკომენდაცია მისცა ერთ-ერთმა მაპროფილებელმა კათედრამ-ქართული ენის კათედრამ. მოპასუხე ასევე აღნიშნავდა, რომ კენჭისყრა ჩატარდა კანონის სრული დაცვით, რაც სადავოდ არც მოსარჩელეს არ გაუხდია. წარმოდგენილი ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის იმყოფებოდა ნ. გ-ი, ხმების უმრავლესობით ფილოლოგიის ფაკულტეტზე განმეორებით იქნა არჩეული ლ. ი-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 11.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ს უარი ეთქვა თელავის ი. გ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უსაფუძვლობის მოტივით.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, დეკანის არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს 07.07.04წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 11.03.04წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლ. ი-ს არ ჰქონდა ქართული ენის კათედრიდან რეკომენდაციის წარდგენის უფლება იმ საფუძვლით, რომ ასეთ აკრძალვას მოქმედი კანონმდებლობა, უნივერსიტეტის სასწავლო-საწესდებო დოკუმენტაცია და შინაგანაწესის შესახებ დებულება არ ითვალისწინებს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ი-ი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს თელავის უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი კათედრის თანამშრომლებს არ ჰქონდათ რეკომენდაციის მიცემის უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ი-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევა მოხდა ზემომითითებული დებულების III თავის 3.2 პუნქტის მე-4 პარაგრაფის შესაბამისად, რომლის თანახმად, დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა რეკომენდაცია უნდა წარადგინოს კათედრის ან ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა მისი და თელავის რაიონული სასამართლოს 11.03.04წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, საქმის სააპელაციო წესით განმხილველმა სასამართლომ არ გამოიჩინა დაინტერესება და სხდომაზე არ მოიწვია მის მიერ დასახელებული მოწმეები, დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობაზე და ზედაპირულად განიხილა დავა. კასატორი განმარტავს, რომ ი. გ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მოქმედებს კანონით მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში, ამდენად მას არა აქვს უფლება განახორციელოს ქმედება, რომელიც კანონით ან წესდებით არ აქვს განსაზღვრული. კასატორი თვლის, რომ ფაკულტეტის დეკანის კანდიდატად პირის დასამტკიცებლად საჭიროა იმ კათედრის რეკომენდაცია, რომელზეც მოღვაწეობს კანდიდატი. ლ. ი-ს რეკომენდაცია მისცა ქართული ენის კათედრამ, რასაც არც კანონი და არც წესდება არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ი-ის არჩევა დეკანის თანამდებობაზე მოხდა კანონდარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს კენჭისყრის შედეგები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ თელავის ი. გ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-საწესდებო დოკუმენტაციითა და შინაგანაწესით განსაზღვრულია უნივერსიტეტის ის სტრუქტურული ერთეულები, რომელთაც უფლება აქვთ დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში დაასახელონ თავიანთი კანდიდატურა. აღნიშნული აქტის III თავის 3.2 პუნქტის მიხედვით, ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ ფაკულტეტის საბჭოს და კათედრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ყველა კათედრა და ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, რეკომენდაცია გაუწიოს მისთვის სასურველ კანდიდატურას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ან მეცნიერებათა კანდიდატი,დოცენტი, რომელსაც აქვს ამავე უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის მუშაობის სტაჟი. გამონაკლისის სახით, ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო ხარისხისა და წოდების არმქონე მაღალკვალიფიციური ...ი. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ყველა წამოყენებული კანდიდატურა განიხილება უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე. კანდიდატურის დატოვების ან მოხსნის გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ღია სხდომაზე, ღია კენჭისყრით.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ი-ი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო და ამავე ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. მას დამთავრებული აქვს თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში მას მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გაუწია ამავე ფაკულტეტის ერთ-ერთმა მაპროფილებელმა საუნივერსიტეტო კათედრამ _ ქართული ენის კათედრამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ი-ის კანდიდატურის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულია როგორც უნივერსიტეტის წესდების, ისე სასწავლო-საწესდებო დოკუმენტაციის შესაბამისად. ის გარემოება, რომ ლ. ი-ი არის პედაგოგიკის კათედრის დოცენტი არ წარმოადგენდა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მისი მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას, ვინაიდან ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ენიჭება პედაგოგის სპეციალობა, საქართველოს პრეზიდენტის 02.12.01წ. ¹488 ბრძანებულებით დამტკიცებული სსიპ ი. გ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-3 მუხლის თანახმად, უნივერსიტეტის საქმიანობის საგანს შეადგენს საუნივერსიტეტო პედაგოგიური პროფილის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო პედაგოგიური კადრების მომზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. წესდების მე-4 მუხლის თანახმად კათედრები წარმოადგენენ უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, 11.7 მუხლის თანახმად, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ, შევიდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში რეკომენდაციებითა და წინადადებებით. შინაგანაწესის 1.5 პუნქტის თანახმად ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და ადმინსტრაციული ქვედანაყოფი, ფაკულტეტი აერთიანებს ყველა კათედრას და ლაბორატორიას, რომლებსაც შეხება აქვთ მის შემადგენლობაში არსებულ სპეციალობებთან. შინაგანაწესის მე-3 თავის 3.2.4 პუნქტის თანახმად ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ ფაკულტეტის საბჭოს და კათედრებს. ხსენებული ნორმით არ არის დადგენილი, რომ კათედრას მხოლოდდამხოლოდ ამ კათედრის მუშაკებისათვის შეუძლია რეკომენდაციის გაწევა, ამგვარ დანაწესს უნივერსიტეტის სასწავლო-საწესდებო დოკუმენტაცია და შინაგანაწესი არ შეიცავს. აღნიშნული ნორმა არანაირად არ გამორიცხავს ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი კათედრის უფლებას რეკომენდაცია მისცეს სხვა კათედრის დოცენტს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ის გარემოება, რომ უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში არ გამორიცხავს კათედრის უფლებას წამოაყენოს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატი, კათედრის ეს უფლება სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალურ უფლებაუნარიანობასთან, რომლის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუძლია მხოლოდ იმ საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც იგი არის შექმნილი. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, უნივერსიტეტი ახორციელებს უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების არჩევა-დაკომპლექტებას (2.2 მუხ. “გ” ქვეპუნქტი), უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის არჩევა ხდება უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ (11 მუხ). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ლ. ი-ის არჩევა მოხდა შინაგანაწესის III თავის 32-ე პუნქტის მე-4 აბზაცის შესაბამისად.
უსაფუძვლოა სზაკ-ის მე-60 მუხლზე მითითებით კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, ვინაიდან ხსენებული ნორმა აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების წესებს მაშინ, როდესაც კონკურსი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს გარიგებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმების ერთადერთ საფუძველად დასახელებულია უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის მიერ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის კანდიდატურის დადგენილი წესის დარღვევით წამოყენება, რაც თავისთავად არ იწვევს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის მიმართ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონკურსში მონაწილე ოთხი კანდიდატთაგან კასატორმა ყველაზე ნაკლები ხმათა რაოდენობა დააგროვა (დადებითი _ 9, უარყოფითი- 38), ამდენად, ლ. ი-ის არასათანადო კანდიდატად მიჩნევის შემთხვევაშიც კი გამარჯვებულად უნდა გამოცხადებულიყო მომდევნო კანდიდატი, კასატორს პრეტენზიები სხვა კანდიდატების მიმართ არ ჰქონია, მას არ წარმოუდგენია ჩატარებული კენჭისყრის უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ნ. გ-ი არ უთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 31-36-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევაზე, ამდენად, არ არსებობს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას მოსამართლეთა აცილებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ის მიერ მოსარჩელეთა აცილების თაობაზე განცხადებაში არ იქნა მითითებული იმ გარემოებაზე, რომელიც სსკ-ის 31-ე მუხლის რომელიმე პუნქტის შესაბამისად საქმის განხილვისაგან მოსამართლის ჩამოცილების აუცილებლობას გამოიწვევდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის განცხადება მოსამართლეთა აცილების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ. კასატორი არ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებეზე, რომელთა დასადგენადაც საჭირო იყო სააპელაციო ინსტანციაში მოწმეების გამოძახება. ნ. გ-ი სადავოდ მხოლოდ ქართული ენის კათედრის მიერ ლ. ი-ისათვის რეკომენდაციის გაცემას ხდიდა, რის საფუძველზეც ითხოვდა კონკურსის შედეგების გაუქმებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ი-ისათვის ქართული ენის კათედროის მიერ რეკომენდაციის გაწევა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, კასატორის მიერ მითითებულ კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას საფღუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 07.07.04წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.