Facebook Twitter

ას-758-1125-06 17 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ გურამ სუპატაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ე-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ საკუთრების უფლების რეგისტრაცია

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-მა 2005 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კ. კ-ისა და საქართველოს ... მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და სადავო ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მისი მამა ს. კ-ი გარდაიცვალა 1974 წელს, რომლის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.თბილისში, ... ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ, როგორც ს. კ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, მაგრამ ნოტარიუსმა უარი განუცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის მითითებით, სადავო ქონება ირიცხება კ. კ-ის საკუთრებაში. მოსარჩელემ, როგორც მემკვიდრემ, ვერ შეძლო სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერმა უკანონოდ შეზღუდა მისი საკუთრების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ს. ე-მ (ა. კ-ის ქალიშვილმა) 2006 წლის 7 ივნისს სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტ ს. ე-ს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ს. ე-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ს. ე-ს ჩაბარდა 2006 წლის 12 აგვისტოს, მაგრამ მან სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ს. ე-ა ვალდებული იყო შეევსო ხარვეზი 2006 წლის 1 სექტემბრამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ს. ე-მ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ა. კ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა 2006 წლის 8 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე მუხლების თანახმად მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ე-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ვადაში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. მან მიიღო სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სადაც მითითებული იყო, რომ მას გადასახდელი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივარს ს. ე-მ დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებლი ქვითრის ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ს. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ა. კ-ი გარდაიცვალა 2006 წლის 9 მაისს. მისმა ქალიშვილმა ს. ი-მა 2006 წლის 7 ივნისს სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამაოთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ს. ე-ს მიეცა ხარვეზის შესავსებად 20 დღე, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ს.ფ. 199-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის შეტყობინების თანახმად, მას ხარვეზის შევსების განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 12 აგვისტოს, ე.ი. ხარვეზი უნდა შეევსო 1 სექტემბრის ჩათვლით; მან 2006 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ა. კ-ის მიერ 2005 წლის 31 მაისს გაცემული მინდობილობა. მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2006 წლის 2 სექტემბერს (ს.ფ. 204).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არ ჩაბარებია, რადგან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2006 წლის 1 სექტემბერს, აპელანტმა კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 2006 წლის 8 სექტემბერს (ს.ფ. 200-204). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, ს. ე-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ს. ე-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ე-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.