Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№36აპ-18 ქ. თბილისი

ს. დ., 36აპ-18 28 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ს-ს, - - - ბრალად დაედო საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 7 ნოემბერს დ. ს-მა თ-ის საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით - 0,06758 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და ხელბარგში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 აგვისტოს განაჩენით დ. ს. საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა და ითხოვა გამართლებულ დ. ს-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დ. ს-მა დაარღვია ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის წესები, კერძოდ: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად. გარდა ამისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01–32/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად, საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამტკიცებული რეცეპტის ასლი და ინგლისურ ენაზე თარგმნილი ამ რეცეპტის გამცემი ექიმის სერტიფიკატი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დავით სეფიაშვილმა უხეშად დაარღვია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი. საკასაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ. ს-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილშიც, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, სახელმწიფო ბრალმდებელი არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე