¹ას-759-975-08 28 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. და უ. ქ-შვილები
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს-ი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი მ. და უ. ქ-შვილების მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, მსესხებელზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაკისრებისა და იპოთეთ დატვირთული და დაგირავებული უძრავ-მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე მ. ქ-შვილსა და სს “ს-ს” შორის 2005 წლის 15 სექტემბერსა და 21 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მ. ქ-შვილს სს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 48 978 ლარის გადახდა, საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, დადგინდა მ. ქ-შვილისა და უ. ქ-შვილის კუთვნილი იპოთეკითა და გირაოთი დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და უ. ქ-შვილებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით მ. და უ. ქ-შვილებს, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 1959,12 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდათ აპელანტებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანეს მ. და უ. ქ-შვილებმა და მოითხოვეს განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ბაჟის გადახდა სავალდებულო არ იყო, ვინაიდან მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ითხოვეს არა საქმის არსებითი განხილვა, არამედ კანონის უხეში დარღვევით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, შესაბამისად, მათ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე არ უნდა გადაეხადათ. ამასთან, აღნიშნეს, რომ განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. და უ. ქ-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. და მ. ქ-შვილებს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 1959,12 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი მ. და უ. ქ-შვილებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მ. და უ. ქ-შვილებს ჩაჰბარდათ 2008 წლის 12 ივნისს (ს.ფ.190, 191). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2008 წლის 23 ივნისი. მ. და უ. ქ-შვილებმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ბაჟის გადახდა სავალდებულო არ იყო, ვინაიდან მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ითხოვეს არა საქმის არსებითი განხილვა, არამედ კანონის უხეში დარღვევით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, შესაბამისად, მათ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე არ უნდა გადაეხადათ. აღნიშნულ გარემობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო წესით (სსსკ-ის 366-ე მუხლი), რომელზეც ვრცელდება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. და უ. ქ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.