Facebook Twitter

ას-760-1057-09 16 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ჯ-ძე, ქ. ქ-ძე, ლ. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. პ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 ივლისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ხ. პ-შვილმა და მოითხოვა მოპასუხე ნ. ჯ-ძის ოჯახთან ერთად ბინიდან გამოსახლება.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. პ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ნ. ჯ-ძეს, ქ. ქ-ძეს, ლ. და ნ. ს-ძეებს აეკრძალათ ხ. პ-შვილისთვის, მის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ. გორი, ... ქ ¹31 სარგებლობის, უკანონო ხელშეშლა და გამოსახლებულ იქნენ ხ. პ-შვილის საკუთრებაში არსებული ბინიდან. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მოთხოვნა ქირის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჯ-ძემ, ქ. ქ-ძემ, ლ. ს-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ხ. პ-შვილის სარჩელზე და გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2005 წლის 08 აპრილის განჩინება.

2009 წლის 2 ივლისის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ ის აღარ დაობს აპელანტთან, ვინაიდან პოლიციის მეშვეობით გამოსახლება უკვე მომხდარია, ხოლო ქირის დაკისრების უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად დავის საგნის არ არსებობის გამო, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა ხ. პ-შვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

მოწინააღმდეგის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა 2009 წ. 02 ივნისის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის, ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹2, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და დაერთო ოქმს /1 ფურცლად/.

აპელანტების წარმომადგენელმა აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხ. პ-შვილის სარჩელზე საქმის წარმოება არ უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან მათ მიერ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გარდა აგრეთვე გასაჩივრებული იყო 2005 წ. 08 აპრილის განჩინება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ჯ-ძემ, ქ. ქ-ძემ და ლ. ს-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, აღნიშნული განჩინებით მათ შეეზღუდათ კონსტიტუციური უფლება, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ხ.პ-შვილის სარჩელი იხილებოდა ბინიდან გამოსახლების თაობაზე და საქმის სასამართლოში დამთავრებამდე ადმინისტრაციული წესით მოხდა მათი გამოსახლება (რაც სასამართლომ მიიჩნია დავის საგნის არ არსებობად), ნ. ჯ-ძის, ქ. ქ-ძის და ლ. ს-ძის კონსტიტუციური უფლებას წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და იმ გადაწყვეტილების კანონიერების სადავოდ გახდა, რომელიც მათ უფლებებს აშკარად ეხებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2009 წლის 02 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის შესწავლისა და კერძო საჩივრის გაცნობის შემდეგ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჯ-ძის, ქ. ქ-ძის და ლ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ხ. პ-შვილის სარჩელზე და გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2005 წლის 08 აპრილის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით, ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით დავის საგანი განსაზღვრა ხ. პ-შვილმა, რომლის კანონიერ ინტერესსაც წარმოადგენდა მის სახელზე რიცხული ქონების უკანონი მფლობელობიდან გამოთავისფულება. შესაბამისად , ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ რეალურად განხორციელდა სადავო ფართის გამოთავისუფლება და მისი კანონიერი მესაკუთრის მფლობელობაში გადაცემა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს სარჩელით განსაზღვრული დავის საგანი და ხ. პ-შვილის კანონიერი ინტერესი დავის გაგრძელების მიმართ, შესაბამისად მოცემულ შემთვევაში საქმის სასამართლოში განხილვამ დაკარგა აზრი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა მოცემულ დავაზე საქმის წარმოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჯ-ძის, ქ. ქ-ძის და ლ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.