ას-761-1058-09 28 სექტემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ს. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. გ-იანი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. გ-იანმა მოპასუხე ს. ქ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ... ქ. ¹58-ში მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული 85კვ.მ ბინის 1/3 იდეალურ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ გ. გ-იანი არის მოპასუხის შვილიშვილი. ზემომითითებული ბინის პრივატიზაციის დროს მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი, იგი დედასთან და ბებიასთან (ს. ქ-ძესთან) ერთად რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის დადგენილების საფუძველზე პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვს პრივატიზაციის მომენტისათვის. პრივატიზაციის დროს და ამჟამადაც სადავო ბინაში რეგისტრირებული იყო, გ. გ-იანის დედა, ბებია (მოპასუხე) და თავად გ. გ-იანი, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მას ეკუთვნოდა ბინის 1/3 წილი.
თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნა მოსარჩელემ იმით დაასაბუთა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბებიასთან ურთიერთობა საგრძნობლად დაეძაბა. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია (ს.ფ. 5-14).
Yთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹58-ში მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული 85კვ.მ საერთო ფართის მქონე ბინის 1/3 იდეალური ნაწილის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პრივატიზაციის დროისათვის სადავო ბინაში ჩაწერილი იყო სამი პირი, მათ შორის, გ. გ-იანი. შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე გ. გ-იანი აღიარებული უნდა ყოფილიყო 1997 წლის 17 აპრილს ს. ქ-ძის სახელზე პრივატიზებული, თბილისში, ... ქ. ¹58 მისამართზე მდებარე 85კვ.მ საერთო ფართის მქონე 1/3 ნაწილის მესაკუთრედ (ს.ფ. 70-74).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 88-96).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით ს. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების ასლი 2009 წლის 4 აპრილს ჩაჰბარდა ს. ქ-ძის წარმომადგენელ პაატა კ-ძის დედას _ ნ. კ-ძეს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ს. ქ-ძისათვის ჩაბარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 5 აპრილიდან, რომელიც ამოიწურა 2009 წლის 20 აპრილს. საქმეზე დგინდებოდა, რომ ს. ქ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 24 ივნისს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო (ს.ფ. 105-107).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ქ-ძემ (წარმომადგენელი ი. ნ-ოვა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების არა უშუალოდ მხარის, არამედ მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებას, რომელმაც ს. ქ-ძეს გადაწყვეტილების შინაარსი არ შეატყობინა. აღნიშნულის გამო ს. ქ-ძე იძულებული გახდა, მიემართა ახალი წარმომადგენლისათვის. ამ უკანასკნელმა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 15 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 24 ივნისს, კანონით დადგენილ ვადაში (ს.ფ. 110-118).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე ს. ქ-ძის წარმომადგენელ პ. კ-ძეს, რომელსაც მარწმუნებლის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება გააჩნდა, გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 51). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ მითითებული განჩინება ჩაჰბარდა პ. კ-ძის ოჯახის წევრს (ს.ფ. 79), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ითვლება უშუალოდ პ. კ-ძის მიერ განჩინების ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელ პ. კ-ძისათვის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარება ასევე წარმოადგენდა მხარისათვის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 5 აპრილს და დასრულდა 2009 წლის 20 აპრილს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივარი მოპასუხეს არ წარუდგენია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას ადგენს, იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს და გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ქ-ძის (წარმომადგენელი ი. ნ-ოვა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.