¹ ას-761-1128-06 23 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი _ სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ნივთების დაბრუნება ან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ის მიმართ სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის, ნივთების დაბრუნების ან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იყვნენ მეზობლები. რ. ბ-მა გ. კ-ეს შესთავაზა მოსარჩელის კუთვნილი სარდაფის 500 მანეთად შესყიდვა, რაზეც მოსარჩელემ უარი განუცხადა. მოგვიანებით გ. კ-ემ ბინა გაყიდა და თავისი ნივთები ახალ საცხოვრებელში გადატანამდე მოათავსა ზემოხსენებულ სარდაფში. მოპასუხემ სარდაფი და მოსარჩელის ნივთები დააზიანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გ. კ-ემ, ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა განცხადება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამავე პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი რ. ბ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის განჩინება გ. კ-ეს ჩაბარდა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარემ, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო პალატას მიმართა განცხადებით, რომელიც დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს არ წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტი გ. კ-ის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად წარმოდგენილი განცხადება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილ დასაბუთებულ სააპელაციო საჩივრად მიჩნეული ვერ იქნება და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და უნდა დარჩეს უცვლელად, გ. კ-ის კერძო საჩივარს კი უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:L
გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.