Facebook Twitter

¹ას-763-1130-06 18 იანვარი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს ,,ს-ი» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ-მა“ 2005 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს ,,ს-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 11659,28 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადები, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ სს ,,ს-ს» სს „თ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 11,659 (თერთმეტიათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა და 28 თეთრის გადახდა.

პირველი ინსტანსიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე _ სს ,,ს-მა».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინებით სს ,,ს-ის» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოში სს ,,ს-ის» სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2006 წლის 23 აგვისტოს 12.00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მაგრამ საქმის განხილვისას არ გამოცხადნენ მხარეები _ აპელანტი სს ,,ს-ი» და მოწინააღმდეგე მხარე სს „თ-ი», რომლებსაც სასამართლო უწყება ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, აპელანტს და მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ» პუნქტით, რომლის თანახმადაც სასამართლო მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე _ სს ,,ს-ის» ლიკვიდატორმა მ. ტ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორმა თავისი კერძო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ 23 აგვისტოს სასამართლო უწყება მას არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, სს ,,ს-ის» ლიკვიდატორ მ. ტ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ს.ფ. 119-ზე წარმოდგენილი სხდომის ოქმიდან თანახმად 2006 წლის 21 ივლისს დანიშნულ პროცესზე გამოცხადნენ აპელანტი სს ,,ს-ის» წარმომადგენელი ლ. ჭ-ე, ხოლო სხდომაზე არ გამოცხადნენ მოწინააღმდეგე მხარე სს „თ-ი», მესამე პირი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია და მისი წარმომადგენელი გ. ხ-ე. ამავე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა აპელანტ სს ,,ს-ის» შუამდგომლობა და საქმის განხილვა გადაიდო 2006 წლის 23 აგვისტოს 12.00 სთ-ზე; მხარეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომლითაც ეცნობა სხდომის დღე და გამოუცხადებლობის შედეგები (ს.ფ. 120); ს.ფ. 121-ზე მოცემული ხელწერილის თანახმად ირკვევა, რომ ,,ს-ის» წარმომადგენელი ლ. ჭ-ე გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2006 წლის 23 აგვისტოს 12.00 საათზე, გარდა ამისა ს.ფ. 128-ზე წარმოდგენილი უწყებით ირკვევა, რომ სასამართლოს შეტყობინება 2006 წლის 23 აგვისტოს სასამართლო სხდომის თაობაზე 2006 წლის 27 ივლისს ჩაბარდა სს ,,ს-ს», ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყება სს ,,ს-ს» არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 275-ე მუხლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს ,,ს-ის» ლიკვიდატორ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ,,ს-ის» ლიკვიდატორ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.