საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №475აპ-17 ქ. თბილისი
ა-ე ი., 475აპ-17 19 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ა-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 2340 საათზე, ….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….. არსებულ რესტორან „…..“ ტერიტორიაზე, ი. ა-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. დ-ს მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შემდგომაც ნ. დ-ს დასახმარებლად მისულ გ. დ-ს თანნაქონი დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. სამედიცინო დახმარების შედეგად გ. დ-ე სიკვდილს გადარჩა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით:
ი. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ა-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 18 ივლისიდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 120-ე მუხლით და მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - ი. ა-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდშიც.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში ი. ა-ს ბრალის დასადასტურებლად აპელირებს მოწმეების - ს. დ-სა და თ. დ-ს ჩვენებებზე, მათ მიერ ი. ა-ს ამოცნობის ოქმებსა და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ი. ა-ს მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული ღია მოყავისფრო დანაშრები წარმოადგენს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. დ-ს.
აღნიშნულის საპირისპიროს მიუთითებენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეები - თ. გ-ე, ქ. ა-ე და დ. ა-ე. ისინი განმარტავენ, რომ ისინი თვითმხილველნი არიან, რომ გ. დ-ს დანა დაარტყა არა ი. ა-მ, არამედ - მ. ა-ს მეუღლემ ი. გ-მ.
ამდენად, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს ორი მოწმე, რომლებიც აჩვენებენ, რომ დანაშაული ჩაიდინა ი. ა-მ, ხოლო დაცვის მხარეს - სამი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ გ. დ-ე დაჭრა ი. გ-მ.
ეჭვი, რომ ი. ა-მ ჩაიდინა დანაშაული, უნდა დადასტურდეს კანონით დადგენილი წესით, სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ი. ა-ს მიმართ წარმოშობილი ეჭვი ვერ დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეების - თ. გ-ს, ქ. ა-სა და დ. ა-ს ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ისინი არიან დაინტერესებული პირები ი. ა-ს სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებზე და მიიჩნია, რომ მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იმ მოტივით, რომ ისინი ი. ა-ს ნათესავები არიან, არ არსებობს. პირველ რიგში, აღნიშნულ მოწმეებს ისეთივე ნათესაური ურთიერთობა აკავშირებთ ი. ა-თან, როგორც მ. ა-თან (რომლის მეუღლეზეც მიუთითებენ მოწმეები, როგორც დანაშაულის ჩამდენზე). მ. ა-ე და ი. ა-ე არიან ბიძაშვილები. გარდა ამისა, მათი ჩვენებები თანმიმდევრული და თანხვდენილია იმ მოწმეთა (მათ შორის მ. ა-სა და მისი ოჯახის წევრების) ჩვენებებთან, რომლებიც იმგვარადვე აღწერენ ი. გ-ს გაუჩინარებას შემთხვევის ადგილიდან, მის ძებნას, ბრალის აღიარებით პოლიციაში გამოცხადების გადაწყვეტილებას (გარდა ჩხუბის დროს განვითარებული მოვლენების აღწერისა).
ი. ა-ს მიმართ წარმოშობილ ეჭვს ვერ ადასტურებს ვერც ი. გ-ს ჩვენება. ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, პოლიციაში მისული იყო, მაგრამ არ იცის, რისთვის. და ეს მაშინ, როცა საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის ამ უკანასკნელის მეუღლემ - მ. ა-მ აჩვენა, რომ ვინაიდან რესტორანში მყოფი ადამიანები ამბობდნენ, რომ დაჭრა ი-მ, თავიდან კი უარყო ი-მ ეს, მაგრამ შემდეგ გადახედა მდგომარეობას და რადგან ახალი სიძე იყო, გადაწყვიტა, მიეცა აღიარებითი ჩვენება, რისთვისაც მივიდნენ კიდეც პოლიციაში დასაკითხად.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოწმე გ. ა-ს ჩვენებასაც, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ღამეს, გვიან, მის ეზოში მყოფმა ი. გ-მ უთხრა, რომ რესტორანში ყოფნისას დანით დაჭრა პიროვნება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გააქცია მისმა სიდედრმა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებას - ი. ა-ს ფეხსაცმელზე გ. დ-ს გენეტიკური პროფილის მქონე სისხლის კვალის აღმოჩენას - სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია მისი შესაძლო წარმოშობის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი. ა-ს ბრალის დამადასტურებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია მისი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია ი. ა-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ნ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ რესტორან „…..“ შუბლის არეში ხელი დაარტყა ი. ა-მ. 2016 წლის 18 ივლისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ. დ-მ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის ამოიცნო ი. ა-ე და განმარტა, რომ სწორედ ამ პირმა დაარტყა თავში ხელი ურთიერთშელაპარაკებისას. ი. ა-ს მიერ ნ. დ-თან შეკამათება და თავში ხელის ჩარტყმას ადასტურებენ მოწმეები - თ. დ-ე და ს. დ-ც თავიანთ ჩვენებებში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №…..დასკვნით დასტურდება, რომ ნ. დ-ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა შუბლის არეში და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ. ფ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ს ქმედებას მიეცა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და საუარესოდ შებრუნების პრინციპის გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმე და მიაჩნია, რომ იგი არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პროკურორის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში ი. ა-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების დაუშვებლობასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ.№14აპ-15). აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქმეზე ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით (მაშასადამე, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ ი. ა-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია.
11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი