Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №477აპ-17 ქ. თბილისი

გ-ა გ. 477აპ-17 13 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში, გ. გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი მეუღლის - ე. ქ-ს მამას - ნ. ქ-ს სახის არეში, რის შედეგადაც ნ. ქ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში, გ. გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარჯვენა მკლავის არეში ხელი დაარტყა მეუღლის - ე. ქ-ს დედას - მ. კ-ს, რის შედეგადაც მ. კ-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით:

გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 124-ე მუხლზე.

გ. გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 28 ნოემბრიდან იმავე წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.

გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, ასევე ჩაერთოს პრობაციის ბიუროს მიერ შემუშავებულ ძალადობრივი ქცევის პროგრამაში.

გაუქმდა გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის №….. განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ე. ა-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ….., .. …… ქუჩა, ….. კორპუსი, …... №…..-ში (საკადასტრო კოდი …..), განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

განაჩენით დადგინდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში, გ. გ-სა და ნ. ქ-ს გაშველებას ცდილობდა მ. კ-ა, რომელსაც მოხვდა გ. გ-ს ხელი მარჯვენა მკლავის არეში, რის შედეგადაც მ. კ-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ გ. გ-ს არ ჰქონია მ. კ-ს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვა. ბრალის ფორმის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ განზრახია (პირდაპირი ან არაპირდაპირი). სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ს განზრახვის მიმართულების დასადგენად გააანალიზა როგორც გ. გ-ს, ასევე დაზარალებულ მ. კ-სა და მოწმეთა ჩვენებები, მათი ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში.

მ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. მას არ ურტყამდა. ეჩხუბებოდა მის მეუღლეს - ნ. ქ-ს და სწორედ ამ უკანასკნელისათვის მოქნეული ხელი მოხვდა მას გაშველებისას. ანალოგიური დასტურდება დაზარალებულ ნ. ქ-ს ჩვენებითაც, რომელიც განმარტავს, რომ სიძე - გ. გ-ა ეჩხუბებოდა მას, ხოლო მისი მეუღლისთვის - მ. კ-თვის გ-ს ხელი არ დაურტყამს.

გ. გ-ს რომ არ ჰქონია მ. კ-ს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვა, დასტურდება მ. კ-ს ჩვენების იმ ნაწილითაც, სადაც ის აღნიშნავს, რომ გ-ს, რომელიც კარზე აბრახუნებდა, კარი მან გაუღო. გ. შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ჩხუბი დაიწყო გ. გ-სა და ნ. ქ-ს შორის, რომელიც ასევე ნასვამი იყო. ამით სააპელაციო პალატამ გამორიცხა გ. გ-ს განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში შესვლისთანავე შეძლებდა დაზიანების მიყენებას სიდედრის - მ. კ-თვის, რომელმაც კარი გაუღო და პირველი შეხვდა მათ სახლში მისულს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ გ. გ-ს ქმედება სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 124-ე მუხლზე - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, ხოლო სასჯელები შეუფარდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იმ ზომით, რაც სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№52აპ-17), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატას გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უტყუარად ვერ ადასტურებდნენ გ. გ-ს მიერ მ.კ-ს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვას. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი