ას-764-1131-06 1 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-ა (მოპასუხე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ზ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ზ-ს წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან ა. ზ-ს ასესხა 1300 აშშ დოლარი. მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა მოთხოვნისთანავე. მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, ა. ზ-მ არ დააბრუნა სესხი. მოსარჩელემ მოითხოვა სესხის - 1300 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების – 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ზ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ზ-ს დაეკისრა მ. ზ-ს სასარგებლოდ 1300 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების – 300 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ზ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განჩინება.
მ. ზ-მ განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვის დროს სასამართლომ იმსჯელა ადვოკატის ხარჯების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილებაში ამაზე არაფერია ნათქვამი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ. ზ-ს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ზ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ზ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ. ზ-ს მიერ ადვოკატის მომსახურების თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოში უარი ეთქვა. მ. ზ-მ კვლავ მოითხოვა ადვოკატის ხარჯების – 400 ლარის დაკისრება ა. ზ-სათვის. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით უარი ეთქვა მ. ზ-ს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ უკვე ერთხელ იმსჯელა ადვოკატის ხარჯებზე და ხელმეორედ ვერ განიხილავს იმავე საკითხს. მას სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს უარი უთხრა ადვოკატის ხარჯების დაკმაყოფილებაზე. მ. ზ-ს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაასტურებდნენ ადვოკატის ხარჯების ოდენობას. მან გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ წარმოადგინა ხელშეკრულება ადვოკატის ხარჯების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ასევე სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს. ასევე სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
მოცემულ შემთხვეაში კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს არც იმ გარემოებაზე, რომ დამატებითი გადაწყვეტილება არ გამოტანილა მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე. მას მოთხოვნა არც იმაზე დაუყენებია, რომ სასამართლოს არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა ან გადასაცემი ქონება, ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და არა სასამართლო ხარჯებს. სასამართლოსგარეშე ხარჯების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. იგი საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებსთან ერთად. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა საფუძვლით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ზ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.