ას-765-1060-09 15 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ხ-ძე, თ. ხ-ძე და მ. დ-ძე
წარმომადგენელი – ვ. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის პირველ დეკემბერს მ. დ-ძემ სარჩელით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ხ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება, მამობის დადგენა, ალიმენტისა და სარჩოს დაკისრება, ასევე სავალდებულო წილით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
2009 წლის 25 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა ვინაობა, მოპასუხეებად დამატებით მიუთითა რ. ხ-ძის მშობლები თ. ხ-ძე და მ. დ-ძე.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მ. დ-ძესა და რ. ხ-ძეს შორის არსებული ქორწინება შეწყდა. სარჩელი შვილის წარმოშობის დადგენის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოთხოვნა შვილის რჩენა _ აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ. ხ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ქ. ხ-ძის რჩენა_ აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 100 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად სარჩოს სახით 70 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: თ. ხ-ძის და მ. დ-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ასევე დანარჩენი მოთხოვნის ნაწილებში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება განქორწინების, მამად ცნობის, ალიმენტის დაკისრებისა და ხარჯის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით რ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ხ-ძემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, შუახევის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მას გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2009 წლის 21 აპრილს, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 5 მაისი, ხოლო რ. ხ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 2 ივნისს (28 დღის დაგვიანებით).
აღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
აღნიშნული განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრეს რ. ხ-ძემ, ასევე თ. ხ-ძემ და მ. დ-ძემ, მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ არა 2009 წლის 21 აპრილს, როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2009 წლის 21 მაისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვთ კანონით დადგენილ ვადაში და იგი სასამართლოს დასაშვებად უნდა ეცნო.
ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ხ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ. ხ-ძისა და მ. დ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსს 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული შუახევის რაიონული სასამართლოს ¹293 გზავნილის საფუძველზე, დაადგინა, რომ რ. ხ-ძეს შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს (ს.ფ.209) და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უკანასკნელი ვადა იყო 5 მაისი. ხოლო, რადგანაც რ. ხ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 2 ივნისის, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შუახევის რაიონული სასამართლოს ¹293 გზავნილის თანახამდ, რ. ხ-ძეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებული აქვს არა 2009 წლის 21 აპრილს, არამედ 2009 წლის 21 მაისს. აღნიშნული დასტურდება, კერძო საჩივრის ავტორის ხელმოწერითაც და შუახევის რაიონული სასამართლოს მიერ გზავნილზე მითითებული თარიღითაც, კერძოდ, რაიონულ სასამართლოს მხარეებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის თარიღად მითითებული აქვს 2009 წლის 21 მაისი, შესაბამისად, რ. ხ-ძე, 2009 წლის 21 მაისს გაგზავნილ გადაწყვტილების ასლს 2009 წლის 21 აპრილს ვერ ჩაიბარებდა (ს.ფ. 209).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ხ-ძის კერძო საჩივარი დასაბუთებულია, მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია და, შესაბამისად, საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
რაც შეეხებათ თ. ხ-ძესა და მ. დ-ძეს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
გასაჩივრებული განჩინებით განუხილველად დარჩა რ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი, ანუ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია რ. ხ-ძის მიმართ, შესაბამისად, საკსაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან თ. ხ-ძე და მ. დ-ძე არ არიან ისეთი პირები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ გასაჩივრებული განჩინება, მათი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ხ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
თ. ხ-ძის და მ. დ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.