საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №484აპ-17 ქ. თბილისი
მ-ე გ., 484აპ-17 14 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით გ. მ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
გაუქმდა გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღე - 2016 წლის 8 ოქტომბერი. არჩევნების ჩატარების მიზნით, ….. რაიონის სოფელ ….. შეიქმნა N…..-ე საარჩევნო უბანი, სადაც 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი, დაიხურა საარჩევნო უბანი და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. დაახლოებით 23:30 საათზე, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს ითვლიდნენ, გ. მ-ე თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა N…..-ე საარჩევნო უბანში, სადაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ სარჩევნო კომისიის წევრებს, რის შემდეგაც მივიდა მაგიდასთან, სადაც ეწყო საარჩევნო ბიულეტენები, ხელი ჰკრა, გადმოყარა ძირს და ფეხით გადაუარა, რის შემდეგაც გადააყირავა იქვე მდგარი მაგიდაც, რითაც ხელი შეეშალა სარჩევნო კომისიის მუშაობას, რამაც N…..-ე უბანში არჩევნების ჩაშლა გამოიწვია.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. გ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ მხოლოდ მსჯავრდებულ გ. მ-თვის შეფარდებული სასჯელის ზომას და სადავოდ არ ხდიან მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი