¹ას-765-1132-06 11 იანვარი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 8 მაისს, ი. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფ. ს-ს მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1994 წლიდან, რომელიც რეგისტრირებულია მოსკოვის ქ. ... მმაჩის განყოფილების მიერ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 2003 წლამდე ცხოვრობდნენ მოსკოვში, ხოლო 2003 წლის აგვისტოში შვილებთან ერთად, საცხოვრებლად ჩამოვიდა საქართველოში და ამჟამადაც ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. 2004 წლიდან, ფ. ს-ს საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლის შემდეგ, მეუღლეებს ერთად აღარ უცხოვრიათ, მოპასუხე ცხოვრობს მშობლებთან, ხობის რაიონში. ვინაიდან მათ შორის უთანხმოებაა და ერთად ცხოვრება შეუძლებლად მიაჩნია, მოითხოვა მოპასუხე ფ. ს-სთან განქორწინება.
მოპასუხე ფ. ს-მ სარჩელი ცნო და, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით, მოითხოვა შვილების აღზრდაში მონაწილეობის მიღებისა და მათთან სისტემატური ურთიერთობის უფლების მინიჭება.
ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეებს შორის შეწყდა ქორიწინება. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ს-ს შეგებებული სარჩელი და მას შვილების აღზრდაში მონაწილების მიღებისა და მათთან სისტემატურად ურთიერთობის უფლება მიეცა.
ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციიო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი. ჯ-მ. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ბავშვებთან სისტემატურად ურთიერთობის ნაწილში მოპასუხისათვის უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით, აპელანტ ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ი. ჯ-მ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. ჯ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ი. ჯ-ს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი სექტემბრის განჩინების ასლი, რომლითაც სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად, გაეგზავნა და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით გათვალისწინებული წესით (ს.ფ. 35-36). აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან დროულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და გზავნილის მეშვეობით გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც რაიმე შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ შემოსულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჯ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.