Facebook Twitter

¹ას-766-1061-09 25 ნოემბერი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა

კერძო საჩივრის ავტორები – თ. მ-შვილი, ლ. ლ-ძე

წარმომადგენლები – თ. ქ-შვილი, ნ. შ-შვილი, ნ. ჩ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა

წარმომადგენელი – ნ. გ-ძე

განმცხადებელი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი – ა. ბ-შვილი, ე. ა-აცი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 16 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ. მ-ოვამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5.18 პუნქტის განმარტება. კერძოდ, აღმასრულებელმა მ. მ-ოვამ მოითხოვა განიმარტოს თ. მ-შვილის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ე.წ. “სპორადული” რეგისტრაციით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი _ მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი სარეგისტრაციო ¹72.14.01.062 და “სისტემური” რეგისტრაციით 2005 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი _ მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი, სარეგისტრაციო ¹72.14.34.277 არის თუ არა ერთი და იგივე შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა ცვლილება რეესტრის ე.წ. “სპორადული” რეგისტრაციით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი, სარეგისტრაციო ¹72.14.01.062, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო თ. მ-შვილის სახელზე. მის სახელზე საკუთრების უფლებით “სისტემური” რეგისტრაციით ასევე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი, სარეგისტრაციო ¹72.14.34.277. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ ე.წ. “სპორადული” რეგისტრაციის ნომერი, კერძოდ ¹72.14.01.062, რის გამოც ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნულის გათავლისიწნებით, აღმასრულებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5.18 პუნქტის განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ. მ-ოვას განცხადება დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5.18 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ თ. მ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი _ მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი სარეგისტრაციო ¹72.14.01.062 და 2005 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი _ მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი დიღომი, სარეგისტრაციო ¹72.14.34.277 არის ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი.

გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5.18 პუნქტში დაშვებული უსწორობა იმდაგვარად, რომ ნაცვლად 0.1 ჰა მიწის ფართობისა მიეთითა 0.11 ჰა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5.18 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: თ. მ-შვილს ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება _ მიწის ნაკვეთი მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში, ფართობი 0.11 ჰა სარეგისტრაციო ¹72.14.34.277 (სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი 72, სექტორი _ დიღომი, კოდი 14, კვარტალი ¹34, ნაკვეთის ¹277).

სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 27.02.2007 ¹483 წერილის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-შვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით 721401062 დაზუსტდა და ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერი გახდა 721434277 ფართობით 0.11 ჰა, რომლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ¹44მ 6.10.1992წ. მიღება-ჩაბარების აქტი, სოფელ დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2137 13.07.2005, სოფელ დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2138 13.07.2005წ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი და თ. მ-შვილს ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება _ მიწის ნაკვეთი მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში, ფართობი 0,1 ჰა სარეგისტრაციო ¹721401062.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ. მ-ოვას განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ უნდა გასწორებულიყო გაადწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად 0,1 ჰა მიწის ფართობისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მითითებულიყო 0,11 ჰა მიწის ფართობი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა როგორც თ. მ-შვილმა, ასევე დაინტერესებულმა პირმა _ ლ. ლ-ძემ.

თ. მ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განმარტების უფლება ჰქონდა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და არა სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამასთან, აღმასრულებელს სასამართლოსათვის უნდა მიემართა განცხადებით და არა შუამდგომლობით, ხოლო სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ იხილავს მ. მ-ოვას განცხადებას.

თ. მ-შვილის აზრით, მ. მ-ოვა შუამდგომლობითY კი არ ითხოვდა იმას, რომ დადგენილიყო აღნიშნული მიწის ნაკვეთების ერთიდაიგივეობა, არამედ კითხვას სვამდა იყო თუ არა ერთი და იგივე, ხოლო მას რომ განცხადებით მიემართა კითხვას კი არ დასვამდა, არამედ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდა;

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინების მთავარი და უდავო გაუქმების საფუძველია ის რომ სასამართლომ განმარტა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებულია ჯერ კიდევ 2007 წელს, რაც კანონის უხეში დარღვევაა;

ამასთან, თ. მ-შვილის განმარტებით, სასამართლო განჩინების უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განხილულ მასალებში არის 2000 წლის 25 თებერვალს სარეგისტრაციო ¹721401062 მიწის ნაკვეთზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მესაკუთრედ მითითებულია თ. მ-შვილი, ხოლო 2005 წლის 15 ივლისით დათარიღებული ამონაწერით, რომელიც გაცემულია ¹721434277 მიწის ნაკვეთზე, მესაკუთრეებად თ. მ-შვილთან ერთად მითითებულები არიან მ. ნ-შვილი, გ. და ზ. მ-შვილები, ხოლო გრაფაში სადაც უნდა აღნიშნულიყო ამ მიწის ნაკვეთის წინა სარეგისტრაციო ნომერი თავისუფალია, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ერთი და იგივე არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. მ-შვილის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება არ საჭიროებდა არავითარ განმარტებას და მით უფრო უსწორობის გასწორებას, ვინაიდან აღნიშნული განმარტებით სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განჩინებით გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნები, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველია.

რაც შეეხება დაინტერესებულ პირს ლ. ლ-ძეს, მან თავისი კერძო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივარის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უსწორობის შესწორებით ილახება მისი ინტერესები, ვინაიდან 0,11 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ¹721434277, მდებარე სოფელ დიღომში, კანონის სრული დაცვით, სანოტარო წესით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინეს დ. და ლ. ლ-ძეებმა თ. მ-შვილისა და მისი თანამესაკუთრეებისაგან, ხოლო თ. მ-შვილს, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეს, სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება _ მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ¹72140162 და ეს ორი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება რომ ერთი და იგივე ყოფილიყო.

ლ. ლ-ძის განმარტებით, აღნიშნული განჩინებით დაირღვა მისი უფლება საკუთრებასთან დაკავშირებით, რითაც მიადგა როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ თ. მ-შვილისა და ლ. ლ-ძის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა სარჩელით მოითხოვდა თ.მ-შვილისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, კერძოდ, მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში, ფართობი 0,11 ჰა, სისტემური სარეგისტრაციო ¹721434277 (სპორადული სარეგისტრაციო ¹721401062 იგივე ნაკვეთზე, დაუზუსტებელი ფართობი 0,10 ჰა) ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი და თ. მ-შვილს ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება – მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში, ფართობი 0,1 ჰა სარეგისტრაციო ¹721401062.

ამდენად, დადგენილია, რომ სასამართლომ მცხეთა – მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა მთლიანად, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასრულად მიუთითა ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები, კერძოდ, მიუთითა მხოლოდ ერთი საკადასტრო კოდი – სპორადული სარეგისტრაციო ¹721401062.

დადგენილია, რომ 2000 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით თ. მ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრში ¹44მ 6.10.1992 წლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი 0,10 ჰა მდებარე სოფელ დიღომში, მიწის სარეგისტრაციო ¹721401062, ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 15 ივლისის მდგომარეობით თ. მ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი 0,11 ჰა, მდებარე სოფელ დიღომში, მიწის სარეგისტრაციო ¹721434277, საფუძველი - ¹44 მ. 6.10. 1992 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, სოფ.დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2138 13.07.2005 წ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 27.02.2007 წ. ¹483 წერილით ირკვევა, რომ მოქალაქე თ. მ-შვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით 721401062 დაზუსტდა და ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერი გახდა 721434277 ფართობით 0,11 ჰა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი : ¹44მ. 6.10.1992 წ. მიღება-ჩაბარების აქტი, სოფ. დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2137 13.07.2005 წ. სოფ. დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2138 13.07.2005 წ. (ტ.XI, ს.ფ.9).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი 13.09.2007 ¹10/20 სააღსრულებო ფურცელში მითითებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით : 72.14.01.062) და 2005 წლის 15 ივლისს მოქალაქე თ. მ-შვილის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 72.14.34.277) წარმოადგენენ ერთი და იგივე უძრავ ნივთს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

აღნიშნული ნორმა გადაწყვეტილების განმარტებას უკავშირებს აღსრულებას და მისი მიზანია მოხდეს გადაწყვეტილების ზუსტად იმ შინაარსით აღსრულება, რასაც სასამართლო გულისხმობდა გადაწყვეტილების გამოტანისას. ამასთან, გადაწყვეტილეის განმარტებით არ უნდა მოხდეს გდაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად განმარტა 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების 5.18 პუნქტი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება, რადგან ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ერთი საკადასტრო კოდი (72.14.01.062).

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას იმის შესახებ, რომ სადავო გადაწყვეტილება განმარტა არაგანსჯადმა სასამართლომ. 2007 წლის 4 ივლისის ¹5199 კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეები განიხილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კერძო საჩივრის ავტორის ლ. ლ-ძის მტკიცებით გადაწყვეტილების განმარტებითა და უსწორობის გასწორებით შეილახა მისი უფლებები, ვინაიდან მას სადავო მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს თ.მ-შვილისა და სხვა თანამესაკუთრეებისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაწყვეტილებით კი ქონება ჩამოერთვა მხოლოდ თ. მ-შვილს, შესაბამისად, ეს ორი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება ყოფილიყო ერთი და იგივე. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ვინაიდან წარმოდგენილი ნასყიდობის ხეშეკრულებით ლ. და დ. ლ-ძეებს მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვთ მხოლოდ თ. მ-შვილისაგან და არა თანამესაკუთრეებისაგან, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ თ.მ-შვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდი ¹72.14.01.062 და საკადასტრო კოდი ¹72 14.34.277 წარმოადგენენ ერთი და იგივე უძრავ ქონებას, ნასყიდობის ხელშეკრულებით კი საწინააღმდეგო არ დასტურდება. უფრო მეტიც, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-10 პუნქტი შეიცავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მესაკუთრემ წარადგინა ნოტარიუსთან, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი ¹44მ გაცემული 06.10.1992 წელს, სოფ. დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2137 გაცემული 13.07.2005 წელს და სოფ. დიღმის საკრებულოს ცნობა ¹2138 გაცემული 13.07.2005 წელს. ხელშეკრულების თანახმად, ლ-ძეებმა შეიძინეს ¹277 მიწის ნაკვეთი, საფუძვლად კი მითითებულია ის დოკუმენტები, რაც ¹062 მიწის ნაკვეთზე თ.მ-შვილის საკუთრების წარმოშობის საფუძველი გახდა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებითაც დასტურდება, რომ ¹062 და ¹277 ერთი და იგივე მიწის ნაკვეთებია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად არ არსებობს კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-შვილისა და ლ. ლ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს ;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინება ;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.