Facebook Twitter

ას-766-1133-06 12 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ .. .. ..“ მიმართ თანხის _ 100 აშშ დოლარისა და 195 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელემ შპს “ .. .. ..” შეიტანა ერთხელ 100 ლარი, მეორედ კი 195 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს არ დაუბრუნებია. 2001 წლის 14 დეკემბერს შპს „ .. .. ..“ დირექტორმა ნ. ლ-მ სადავო დავალიანების არსებობა აღიარა და ვალდებულება იკისრა თანხა 2004-2005 წლებში დაეფარა, რაც არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ ვალის დაფარვა მოხდება თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებით მორიგების დამტკიცების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 325 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ს. ლ-მ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და მოითხოვა შპს „ .. .. ..” დაკისრებული 325 ლარის გარდა, 3000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით და სააპელაციო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაუშვებლად მიიჩნია. ამდენად, ამავე პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება ამავე კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. ლ-მ შეიტანა კერძო საჩივრი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ს. ლ-ს სააპელაციო საჩივრით თავისი სასარჩელო მოთხოვნა არ გაუზრდია, არამედ 3000 აშშ დოლარის ანაზღაურებას მანამდეც ითხოვდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ს. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი შპს “ .. .. ..” მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 325 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას სააპელაციო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნა 3000 აშშ დოლარით არ გაუზრდია, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებითა და სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ს. ლ-ე მოითხოვდა მოპასუხისათვის 100 აშშ დოლარისა და 195 ლარის დაკისრებას, ხოლო 3000 აშშ დოლარის დაკისრება მხოლოდ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე და 365-ე მუხლები, რომელთა თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის გაზრდილი მოცულობა მართებულად არ მიიღო მხედველობაში და სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 325 ლარით, რაც სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ ოდენობას არ შეესაბამება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი სავსებით სწორად დარჩა განუხილველი და მისი კერძო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.