Facebook Twitter

¹ას-768-983-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

მ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-აძის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე. მან მიუთითა, რომ მოპასუხეს ასესხა 1700 აშშ დოლარი. 2002 წლის 10 ოქტომბერს გ. ა-აძეს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, მაგრამ მან არ დააბრუნა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1500 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ა-აძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ანაზღაურება ყოველთვიური 3%-ის დანამატით 2002 წლის 10 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელმწიფო ბაჟის - 144 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების – 250 ლარის გადახდა; მოსარჩელეს დედის დაკრძალვის ხარჯების 500 აშშ დოლარის, გ. ა-აძისათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარი ეთქვა. გ. ა-აძის შეგებებული სასარჩელო განცხადება სესხის ხელწერილის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-აძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 13 ივნისის განჩინებით გ. ა-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ა-აძემ. მან მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის გადაწყვეტილების ასლი გ. ა-აძისათვის ჩაბარებულად ჩათვალა პირადად 2007 წლის 22 სექტემბერს. შესაბამისად, გაშვებულად ჩათვალა სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა. მისი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად არ უნდა ჩაეთვალა და საქმე დასაშვებად უნდა ეცნო, რადგანაც საქმეს ერთვოდა მხოლოდ სახალხო ფოსტის მიერ ბეჭედდასმული შეტყობინების ბარათი, რომელიც არ არის შევსებული სრულყოფილად და უსაფუძვლოა. შეტყობინების ბარათზე შევსებული არ არის გზავნილის ჩამბარებლის პირადი ნომერი. არ არის შეტყობინების ბარათის ჩამბარებელი ფოსტის მუშაკის ხელის მოწერა. სახალხო ფოსტის სამსახურის უფროსის ჯემალი მოსიაშვილის განმარტებით, აღნიშნული შეკვეთილი წერილი შეტყობინებით ¹183\11 მას არ ჩაჰბარებია, მასზე ხელი მოწერილი აქვს სხვა პირს, ვინმე ქეთინო ადუაშვილს, რასაც წერილობით ადასტურებს გორის რაიონის სახალხო ფოსტის მუშაკი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება 2007 წლის 22 სექტემბერს არ ჩაჰბარებია, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო დასაშვებად უნდა ეცნო.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. ა-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია.

დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების ასლი გ. ა-აძეს ჩაჰბარდა პირადად 2007 წლის 22 სექტემბერს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2007 წლის 22 სექტემბერს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2007 წლის 23 სექტემბრიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2007 წლის 4 ოქტომბერს. გ. ა-აძემ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 28 მაისს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, 6 თვისა და 24 დღის დაგვიანებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა გ. ა-აძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან მან კანონით დადგენილი 14 – დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.