ას-770-1137-06 1 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ხ-ე, ფ. მ-ე-შ-ე, ნ-ა. მ-ე, ნ-ზ. მ-ე, ა. მ-ე-ბ-ე, ნ. ლ-ე, ვ. ჯ-ი, ა. ქ-ე, მ. შ-ე, ე. გ-ე, თ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. .. ..”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 23 ივნისს შპს “ .. .. ..” დირექტორმა ბ. გ-მა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ლ. ხ-ის, ფ. მ-ე-შ-სა და სხვათა მიმართ და მიუთითა, რომ 1999-2000 წლებში მოპასუხეებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, თვითნებურად დაიკავეს შპს “ .. .. ..” კუთვნილი სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფართო მასშტაბიანი ბიზნეს-გეგმის გასახორციელებლად, მოსარჩელეს ესაჭიროება კუთვნილი ქონების გამოყენება, რის გამოც მოითხოვა უნებართვოდ დაკავებული შენობიდან მოპასუხეების გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად და მისი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ .. .. .. “ დირექტორის ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები _ ლ. ხ-ე, ფ. მ-ე-შ-ე და სხვები, ოჯახის მცირეწლოვან წევრებთან ერთად, გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა საწარმოს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება აუდიტორული დასკვნის მიხედვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ლ. ხ-ეს, ფ. მ-ე-შ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მ, ფ. მ-ე-შ-მ და სხვებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მათ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს უწყება არ ჩაჰბარებიათ, ხოლო ორმა მათგანმა, რომელთაც უწყება ჩაჰბარდათ, კერძოდ, ნ-ზ მ-მ და ა. მ-ე-ბ-მ სასამართლოს შესაბამისი ცნობები წარუდგინეს ავადმყოფობის შესახებ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და გამოიტანა განჩინება საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე, რითაც, საჩივრის ავტორთა განმარტებით, დაირღვა მათი უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ხ-ის, ფ. მ-ე-შ-ის და სხვათა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლოს ევალება შეატყობინოს მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. თუ მხარეებს გაეგზავნათ უწყება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდებიან სასამართლო სხდომაზე, მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საპროცესო მოქმედების შესრულებას და სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სარჩელი. (სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ დროულად გაუგზავნა მხარეებს უწყება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ და, შესაბამისად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გონივრულ ვადაში, სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისა, თუმცა, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ფ. მ-ე-შ-ის და სხვების სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყებები არ ჩაჰბარებიათ და, შესაბამისად, მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე და დაეცვათ თავიანი ინტერესები, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მათ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ უწყებები(ს.ფ. 187-204).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის ან განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების _ ნ-ზ. მ-სა და ა. მ-ე-ბ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შესძლეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რის შესახებაც მათ შესაბამისი ცნობები წარუდგინეს სასამართლოს და მოითხოვეს საქმის განხილვის გადადება, ვინაიდან აპელანტთა მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები არ აკმაყოფილებდა მითითებული ნორმის მოთხოვნებს, რის გამოც მათი გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ ჩითვლებოდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ცნობა, რომელიც აპელანტმა ნ-ზ. მ-მ წარმოადგინა, ადასტურებს არა თავად აპელანტის ავადმყოფობას, არამედ მისი მეუღლის _ მ. მ-ის ავადმყოფობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ხ-ის, ფ. მ-ე-შ-ის და სხვების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.