¹ ას-773-1140-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. შ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება და საკუთრებით სარგებლობის
ხელშეშლა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში ... ქ. ¹ 26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ჟ. შ-ს გამოეყო რეალური წილი 15,8 კვ.მ. ფართი ნატურით. ამავე გადაწყვეტილებით ა. გ-ს დაეკისრა 19 დასახელების სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მასზე გადაცემა. 2006 წლის 21 მარტს ჟ. შ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ა. გ-ს, ზ. რ-სა და ზ. თ-ის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება ქ. ბათუმში ... ქ. 26-ში მდებარე მის სახელზე რეგისტრირებული ფართიდან და აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. ასევე მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება გაათავისუფლონ საცხოვრებელ ფართში შესასვლელი ეზოს მხრიდან და აეკრძალოთ მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. გ-ა, ზ. თ-ე და ზ. რ-ე გამოსახლებულ იქნენ ქ.ბათუმში ... ქ. ¹ 26-ში მდებარე ჟ. შ-ის საკუთრებაში რიცხული ფართიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს. ასევე მოპასუხეებს დაევალათ გამოათავისუფლონ ჟ. შ-ის საცხოვრებელ ფართში შესასვლელი ეზოს მხრიდან და აეკრძალათ ჟ. შ-სათვის მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა.
ა. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ვადა.
ამავე პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
ა. გ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ სასამართლოსთვის არ უცნობებია იმ მიზეზით, რომ ბანკის თანამშრომელმა განუმარტა, რომ თვითონ აცნობებდნენ ანგარიშის მფლობელს თანხის გადარიცხვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ვადა (ს.ფ. 41-42); ამავე პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (ს.ფ. 47-48).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ა. გ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, მაგრამ სასამართლოსთვის არ უცნობებია, ვინაიდან ბანკის თანამშრომელმა განუმარტა, რომ თვითონ აცნობებდნენ ანგარიშის მფლობელს თანხის გადარიცხვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ა. გ-მ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ასევე სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ა. გ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.