¹ას-773-988-08 16 იანვარი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – „იქ.-ი“
წარმომადგენელი – გ. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე: 1. შპს „ა.-ი“
2. შპს „მ.-ა“
წარმომადგენელი – ა. თ-არი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით „იქ-ის“ სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმების, წესდების ახალი რედაქციის, სანოტარო აქტებისა და სასამართლოს დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „ილ-მ“, როგორც მოსარჩელის _ „იქ.-ის“ უფლებამონაცვლემ.
2008 წლის 21 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის, შპს „მ.-ს“ წარმომადგენელმა ა. თ-არმა, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დელავერის შტატიდან გამოითხოვა ამონაწერები მოსარჩელე კომპანიის – „იქ.-ის“ სამეწარმეო რეესტრიდან და მიღებული დოკუმენტით დადასტურდა, რომ აღნიშნულ კომპანიას სახელი არ შეუცვლია და იგი ამჟამადაც ამ სახელით არის რეგისტრირებული. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ აპელანტი „ილ.-ს“ არის „იქ.-ის“ სამართალმემკვიდრე და არა „იქ-ის“ უფლებამონაცვლე, შესაბამისად, „ილ.-ს“ არა აქვს უფლება, გაასაჩივროს მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „მ.-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ილ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სარჩელი აღძრულია „იქ.-ის“ მიერ და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც მის მიმართ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა „ილ.-მ“. მოსარჩელე საზოგადოებას სახელი არ შეუცვლია და დღემდე რეგისტრირებულია და მუშაობს ამ სახელით. აპელანტი არის „იქ.-ის“ სამართალმემკვიდრე და არა მოსარჩელე საზოგადოების უფლებამონაცვლე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც იგი დაუშვებელია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა „ილ.-ის“ წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის უფლებამოსილების გამოსწორება შესაძლებელია ხარვეზის დადგენის გზით, ვინაიდან, სსსკ-ის 368-ე მუხლი უფლებამოსილების ნაკლის გამო ხარვეზის დადგენას უკავშირებს იმ შემთხვევას, როცა სააპელაციო საჩივარი დაინტერესებული პირის სახელით შეტანილია სხვა პირის მიერ და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია არა დაინტერესებული პირის „იქ.-ის“, არამედ სხვა იურიდიული პირის „ილ.-ის“ სახელით და ხელმოწერილია ამ საწარმოს წარმომადგენლობაზე სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა „იქ.-ის“ წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველივე წუთიდანვე ცნობილი და გასაგები იყო, რომ „ილ.-ი“ არ წარმოადგენდა მონაწილე მხარეს. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და მინდობილობის წარმოსადგენად დაადგინა ხარვეზი. ამ ხარვეზთან ერთად უნდა მოეთხოვა სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი საწარმოს უფლებამოსილება დაინტერესებული მხარის წარმოსადგენად, მაგრამ სასამართლოს ასეთი ხარვეზი არ დაუდგენია სახელების მსგავსებით გამოწვეული შეცდომის გამო. ამდენად, მექანიკური შეცდომა დაუშვა არა მარტო აპელანტმა, არამედ სასამართლომაც და გასაჩივრებული განჩინებით ისჯება მხოლოდ აპელანტი.
2. ტექნიკურ შეცდომის არსებობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სხვადასხვა დროს სასამართლოს მიმართავდნენ ორივე საზოგადოების სახელით;
3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა არადაინტერესებულმა პირმა, რადგან საქალაქო სასამართლოშიც და სააპელაციო სასამართლოშიც ამერიკული მხარე წარმოდგენილია ერთი და იმავე პირის – მ. ჰ.-ის მიერ;
4. „იქ.-ი“ მზად იყო დაედასტურებინა „ილ.-ის“ უფლებამოსილება, წარმოადგინოს „იქ.-ი“, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს ამის პროცესუალური საშუალება არ მიუცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა „იქ.-ის“ კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით „იქ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა „ილ.-მა“, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლემ. სააპელაციო პალატის 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით „ილ.-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2008 წლის 12 ივნისის განჩინებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აპელანტი ,,ილ.-ი“ არის „იქ.-ის“ სამართალმემკვიდრე და არა მოსარჩელე საწარმოს - „იქ.-ის“ უფლებამონაცვლე. შესაბამისად, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლამოსილი პირის მიერ, ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო საჩივარი დაინტერესებული პირის სახელით შეტანილია სხვა პირის მიერ და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია არა მოსარჩელის, არამედ „ინტერნეიშნელ ტელსელ ლლს-ის“ სახელით.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორად „ილ.-ის“ მითითება გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით, ვინაიდან ორივე საზოგადოება, როგორც მოსარჩელე, ასევე აპელანტი წარმოდგენილი იყო ერთი და იმავე პირის _ მ. ჰ.-ის მიერ. („იქ.-ის“ და „იქ.-ის“ და მისი უფლებამონაცვლის პრეზიდენტია მ. ჰ.-ი). ასევე აღნიშნული შეცდომა გამოწვეული იყო ორივე საზოგადოების მსგავსი სახელების გამო, რაც დასტურდება ასევე იმით, რომ აპელანტი სხვადასხვა დროს სასამართლოს მიმართავდა ორივე საზოგადოების სახელით, კერძოდ, სასამართლოსათვის მიმართულ განცხადებაში ქართულ ენაზე განმცხადებლად მითითებულია „ილ.-ი“, ხოლო ინგლისურ ენაზე „იქ.-ი“ (ტ.II ს.ფ. 27, 31). აღნიშნულის გარდა, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტი თვლიდა, რომ იყო მოსარჩელის უფლებამონაცვლე, შესაბამისად, მიაჩნდათ, რომ გამოდიოდნენ მოსარჩელის სახელით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ტექნიკური შეცდომის გამო მხარეს არ უნდა წაერთვას გასაჩივრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის უნდა მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა, კერძოდ, მ. ჰ.-ს უნდა დაეზუსტებინა რომელი საზოგადოების სახელით ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
„იქ.-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.