Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №506აპ-17 ქ. თბილისი

ო-ე თ. 506აპ-17 13 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივლისის განაჩენით:

თ. ო-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ შ. ლ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

თ. ო-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თ. ო-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

განაჩენით თ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ….., …... ….. ქუჩების კვეთასთან, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა თ. ო-მ, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრ ჯ. ნ-ზე, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, იძალადა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2016 წლის 21 მაისს, საღამოს საათებში, თ. ო-მ, ქ. ….., ….. ქუჩების კვეთასთან, სცემა შ. ლ-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. ო-ს გამართლებას, ხოლო შემდგომ მათ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ კი, არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თ. ო-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ შ. ლ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

თ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თ. ო-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 31 დეკემბრიდან.

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ო-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და თ. ო-თვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ თ. ო-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ო-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადებები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მათ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან, მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

9. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ თითქოს, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თ. ო-ს განუსაზღვრა სამართლიანი და პროპორციული სასჯელი, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი