Facebook Twitter

¹ას-774-1141-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქუთაისის შპს “…... ცენტრი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის გადახდევინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

A ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქუთაისის შპს “ ... ცენტრის“ დირექტორმა მოპასუხეების: შპს ქუთაისის ... , სს საჩხერის .... გაერთიანების, სამტრედიის ..., შპს ვანის ... , სს ჭიათურის .. , სს ჭიათურის .... ნაწილისა და წყალტუბოს ცენტრალური ... მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხეები ვალდებული იყვნენ აენაზღაურებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მაგრამ მოთხოვნის მიუხედავად ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეებმა არ შეასრულეს, რაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებდა მათ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის დავალიანების ძირითადი თანხის, ვალის გადახდის გადაცილებისათვის ყოველთვიური პროცენტის, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ ... ცენტრის“ დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ თანხის გადახდა, მათ შორის სს „ .. .. ..“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 887,66 ლარის გადახდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს „ .. .. ..“ დირექტორმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით სს „ .. .. ..“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სს „ .. .. ..“ დირექტორმა ჯ.კ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სს „ .. .. ..“ დირექტორის ჯ.კ-ს სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ .. .. ..“ დირექტორმა ჯ.კ-მ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს „ .. .. ..“ დირექტორის ჯ.კ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სს „ .. .. ..“ დირექტორს ჯ.კ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 92-93). საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 8 დეკემბერს (ს.ფ. 94), რომელიც მას პირადად ჩაბარდა 2006 წლის 11 დეკემბერს (ს.ფ. 95). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზები გამოესწორებინა 2006 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს „ .. .. ..“ დირექტორის ჯ.კ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 76-ე, 372-ე, 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ .. .. ..“ დირექტორის ჯ. კ-ს კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.