Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-777-1101-07 15 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “კ-ის” დირექტორი ჯ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. თ-აძე

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების და მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა адуишы

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. თ-აძემ 2001 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “კ-ის” მიმართ და მოითხოვა შპს “ა-სა და შპს “კ-ს” შორის 2001 წლის 1 სექტემბერს დადებული სესხის და შპს “ა-სა” და ა. თ-აძეს შორის 2001 წლის 27 თებერვალს დადებული ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, 2000 წლის 1 სექტემბერს შპს “ა-სა” და შპს “კ-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს “ა-მა” მოპასუხეს ასესხა 390000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი სესხით სარგებლობისათვის სესხის თანხის წლიური 10%-ის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2002 წლის 1 სექტემბრამდე. სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით მსესხებელს არა უგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა უნდა დაებრუნებინა 16250 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2083 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიური განაკვეთი. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მსესხებლისათვის ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებული თანხის 90000 აშშ დოლარის ერთდროულად და სრულად დაბრუნება. შპს “ა-მა” 2001 წლის 27 თებერვალს აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო ა. თ-აძეს და ამ უკანასკნელმა დაიკავა კრედიტორის ადგილი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოითხოვა შპს “კ-სათვის” 429000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ა. თ-აძის სასარგებლოდ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 აგვისტოს განჩინებით შპს “კ-ის” ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნა გაკოტრების მმართველი, რის შემდეგაც შპს “კ-ს” განსახილველ დავაში წარმოადგენდა გაკოტრების მმართველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “კ-ს” დაეკისრა 429000 აშშ დოლარის გადახდა ა. თ-აძის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მხარეებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე 2001 წლის 4 ოქტომბერს ზემოაღნიშნულ დავის საგანსა და საფუძველზე დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა მესამე პირმა შპს “კვ-მა”. სასამართლოს 2001 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში. სასამართლოს ეს განჩინება შპს “კვ-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 31 ივლისის განჩინებით და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამ სარჩელის განხილვამდე შპს “კვ-ის” და შპს კ-ის” წარმომადგენლებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს განმცხადებლებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სარჩელში მითითებულია, რომ შპს “კვ.” არის შპს “კ-ის” ერთადერთი პარტნიორი და მას ეკუთვნის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100%. მოსარჩელემ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 14.3 თანახმად ლიკვიდირებული საზოგადოების დარჩენილი ქონება ვალების დაფარვის შემდეგ უნდა განაწილდეს პარტნიორთა შორის, საზოგადოების ერთადერთ პარტნიორს კი მოსარჩელე წარმოადგენს და ვალების გასტუმრების შემდეგ მისი ქონება უნდა გადაეცეს შპს “კვ-ს”, რის გამოც უსაფუძვლოდ აღიარებული კრედიტორის მხრიდან საფრთხე ემუქრება მის ქონებრივ ინტერესებს. სარჩელში მითითებულია, რომ 2004 წლის 4 აპრილის სესხის ხელშეკრულებას შპს “კ-ის” სახელით ხელს აწერდა ა.თ-ი. ამ დროს კი საზოგადოების დირექტორი იყო ა. ს-ე, თ-ი კი დირექტორად დაინიშნა 2000 წლის 15 აგვისტოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს “ა-ი” არ არის რეგისტრირებული არც კვიპროსში, არც საქართველოში. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კანონის 109-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება ქმედუუნარობის დადგომით, ე.ი. 2004 წლის 4 აპრილის, 1 სექტემბრის და 2001 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებები წარმოადგენს შპს “ა-ის” სახელით გაქარწყლებული უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლების მიერ დადებულ თვალთმაქცურ გარიგებებს, რის გამოც ისინი ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, 2000 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გამსესხებელს უნდა ჩაერიცხა ამავე ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე, ამ ანგარიშზე 2000 წლის 5 აგვისტოს შეტანილია 50000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა შეტანილია სხვა ანგარიშებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2000 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება თვალთმაქცურია და მიმართულია მასში მონაწილე მხარეების მხრიდან შპს “კ-ის” ხელოვნურად გაკოტრებისაკენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს “კვ-ის” სარჩელი მოპასუხე ა. თ-ის მიმართ 2000 წლის 1 სექტემბრის სესხისა და 2001 წლის 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს “კვ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “კვ-ის” სარჩელი 2001 წლის 1 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების და 2001 წლის 27 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “კვ-ის” დირექტორმა ჯ. გ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა; სააპელაციო საჩივარს აპელანტმა თან დაურთო შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აპელანტის შუამდგომლობა დასაბუთებულია იმით, რომ შპს „ა-ის“ სახელით მოქმედმა პირებმა გაკოტრების საქმის წარმოების დაუსაბუთებლად აღძვრის, რომელიც შემდგომ როგორც უკანონო გაუქმდა, ჩამოაცილეს შპს „კ-ის“ და „კვ-ის“ მართვა, შემდეგ კი ასევე უკანონო ვალის გადახდის დაკისრებით საწარმოს ჩამოართვეს მთელი უძრავი ქონება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ უნდა დაარღვიოს საწარმოს კონსტიტუციური უფლება სასამართლო წესით დაცვის თაობაზე, ასევე ევროსაბჭოს 1985 წლის 27-29 ნოემბრის ბუქარესტის ფორუმის „დასკვნების“ პირველი პუნქტი; ქ. ბორდოს ეკოლინტერნასიონალი დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში ევროსაბჭოს ეგიდით ფორუმის კონსენსუალური გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის 15600 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადასახდელად განესაზღვრა 10 დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 672-674). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, შპს „კ-ის“ მიმართ გახსნილია გაკოტრების წარმოება, ამავდროულად მას არ გააჩნია უძრავი ქონება, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი.

შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა 2007 წლის 22 ივნისს შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების მოთხოვნით და მიუთითეს, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, შპს „კვ.“ გაკოტრებულად, რადგან გაკოტრების საქმე აღძრული იყო არა შპს „კვ-ის“, არამედ შპს „კ-ის“ მიმართ, შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა გაკოტრების საქმის აღძვრა, განჩინება გააუქმა, რის გამოც გაკოტრების ინიციატორებმა განცხადების გატანით უარი თქვეს გაკოტრების პროცედურის გაგრძელებაზე. შუამდგომლობაში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორმა აუქციონზე შეიძინა მათი უძრავი ქონება, რომლის რეალური ღირებულებაც 18-ჯერ მაინც აღემატება დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობას. ამის შემდეგ კრედიტორმა საგადასახადოს სარჩელის არარსებობის მიუხედავად, მათი ქონებიდან ორგანიზაციის საგადასახადო „ვალდებულებებიც“ გაისტუმრა, ამის დასაკმაყოფილებლად დაიტოვა თავისი „მოთხოვნის“ ნაწილი, რის გამოც ყადაღა ადევს ორგანიზაციის მოძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაა 238 288 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნის მოცემულობაა 124 266 აშშ დოლარი; ე.ი. ქონების ღირებულება 124 000 აშშ დოლარით აღემატება მოთხოვნას, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შემთხვევაში 124000 აშშ დოლარიდან შესაძლებელია სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული თანხის გადახდა.

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული თანხა ეკუთვნის არა აპელანტ „კვ-ს“, არამედ „კ-ის“; მაგრამ შპს „კვ.“ წარმოადგენს შპს „კ-ის“ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს; შპს „კვ-ის“ ქონებრივი ვალდებულების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად გამოყენებული იქნება მისი კუთვნილი წილი სხვა კაპიტალური საზოგადოებიდან. ამჟამად კი ამ მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა და ამიტომ მისი განკარგვა შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (ს.ფ. 678-679).

შპს „კ-ის“ დირექტორმა ჯ. გ-მა 2007 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შემდეგი შინაარსის განცხადება; შპს „კ.“ გარანტად უდგება მის პარტნიორსა და 100%-იანი წილის მფლობელს შპს „კვ-ს“ და ღებულობს ვალდებულებას მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ კრედიტორის მოთხოვნის 124266 აშშ დოლარის დაკმაყოფილების მიზნით დაყადაღებული მისი მოძრავი ქონების (რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის მიერ შეფასებულია 238288 აშშ დოლარად) რეალიზაციის და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი 114022 აშშ დოლარიდან გადაიხადოს მისი პარტნიორის და 100%-იანი წილის მფლობელის შპს „კვ-ის“ სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თანხა 55600 აშშ დოლარი შესაბამისი ეკვივალენტით ლარებში თუ საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ მისი გადახდა საბოლოოდ დაეკისრება შპს „კვ-ს“ (ს.ფ. 693).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე და აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 15 600 აშშ დოლარის გადასახდელად განესაზღვრა 20 დღის ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. სააპელაციო სასამართლომ შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა საქმის მასალებზე დაყრდნობით და აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდა ის გარემოება, რომ დაყადაღებულია შპს „კვ-ის“ მოძრავი ქონება, ხოლო უძრავი ქონება რეალიზებულია კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძველს (ს.ფ. 698-700).

შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა 2007 წლის 10 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით და მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე ისე უთხრა უარი, რომ არ გაარკვია როგორ უნდა მოხდეს ქონების დაყადაღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მისი რეალიზაცია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მიზანია ქონების დაყადაღების, გაკოტრების წარმოების გახსნის გზით მათ მოუსპო საშუალება სასამართლოს მეშვეობით მოითხოვონ დარღვეული უფლების დაცვა, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება აღარ გააჩნიათ. შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა შუამდგომლობაში მიუთითეს ქ.ბორდოში, ეკოლ ინტერნაციონალ დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში 1985 წლის 27-29 ივნისს ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ქვეყნების მრავალმხრივ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლოების ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპებისგან დამოუკიდებლად ნამდვილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყოველი ადამიანის უფლება მიიღოს მათი აღიარება და დადასტურება მოსამართლისაგან, მოსამართლისათვის მიმართვის უფლება ეკონომიკური ვითარების მიუხედავად უნდა დარჩეს ძირითადი ზრუნვის საგანი (ს.ფ. 705-706).

შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა 2007 წლის 29 აგვისტოს დამატებითი (დაზუსტებული) შუამდგომლობის მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათი კუთვნილი მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 238 288 აშშ დოლარს, დაყადაღებულია კრედიტორის მოთხოვნის 124 266 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ აპელანტებს დარჩებათ 114 022 აშშ დოლარი, რომელიც შვიდჯერ აღემატება სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ბაჟის ოდენობას. ამ ღირებულების ქონება ყადაღით სათანადოდაა დაცული და მას არც ფიზიკურად და არც სამართლებრივად საფრთხე არ ემუქრება. მათ იქვე მიუთითეს, რომ დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით სამოქალაქო საპროცესო და სააღსრულებო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განუხილველად იქნა დატოვებული შპს „კვ-ის“ სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ის საფუძვლები, რომელზედაც ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ აპელანტის პირველი შუამდგომლობის განხილვისას და უარი უთხრა განმცხადებელს მითითებული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე (723-724).

შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. მათი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შუამდგომლობის იმ საფუძველზე, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დაყადაღებული ქონებიდან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ თავი აარიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე უარის თქმის მოტივებზე მსჯელობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორის, მატერიალური მდგომარეობა სწორედ მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მოქმედებითაა გამოწვეული, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება სასამართლოს მეშვეობით დაიცვან დარღვეული უფლება. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გაიზიარა მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შესახებ. ამიტომ სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნების პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე საერთაშორისო სამართლის იმ ნორმათა მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლო უფლების დაცვის ხელმისაწვდომობას. კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ ბორდოში, ეკოლ ინტერნაციონალ დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში 1985 წლის 27-29 ივნისს ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ქვეყნების მრავალმხრივ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლოების ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპებისგან დამოუკიდებლად ნამდვილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყოველი ადამიანის უფლება მიიღოს მათი აღიარება და დადასტურება მოსამართლისაგან, მოსამართლისათვის მიმართვის უფლება ეკონომიკური ვითარების მიუხედავად უნდა დარჩეს ძირითადი ზრუნვის საგანი. მათ მიუთითებს, რომ შპს „კვ.“ 2002 წლიდან არ მუშაობს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მათი, როგორც იურიდიული პირის და როგორც მხარის ყოველთვიური შემოსავლის 5 და 20 პროცენტს. საწარმოს არ გააჩნია არც ყოველთვიური და არც პერიოდულობით განსაზღვრული შემოსავალი, რის გამოც უდავოდ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს კვ-ის” დირექტორის ჯ. გ-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “კვ-ის” დირექტორმა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შუამდგომლობით თავდაპირველად მიმართა სააპელაციო საჩივრის შეტანისას. მან შუამდგომლობაში მიუთითა, რომ საზოგადოებას მოპასუხესთან ხანგრძლივი დავების გამო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია და აღნიშნულის დამადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა სს ...ის ამონაწერები შპს “კვ-ის” ანგარიშების თაობაზე 2007 წლის 15 მაისის მდგომარეობით (ს.ფ. 664-669). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა. სააპელაციო პალატამ 2007 წლის 5 ივნისის განჩინებაში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, შპს „კ-ის“ მიმართ გახსნილია გაკოტრების წარმოება, ამავდროულად მას არ გააჩნია უძრავი ქონება, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. შპს „კვ-ის“ წარმომადგენლებმა 2007 წლის 22 ივნისს კვლავ შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, შპს „კვ.“ გაკოტრებულად, რადგან გაკოტრების საქმე აღძრული იყო არა შპს „კვ-ის“, არამედ შპს „კვ-ის“ მიმართ, შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა გაკოტრების საქმის აღძვრა, განჩინება გააუქმა, რის გამოც გაკოტრების ინიციატორებმა განცხადების გატანით უარი თქვეს გაკოტრების პროცედურის გაგრძელებაზე. ამ შუამდგომლობით მოსარჩელე ორგანიზაციამ მოითხოვა შპს “კვ-ის” რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს „კვ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „კვ-ის“ სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ის საფუძვლები, რომელზედაც ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ აპელანტის პირველი შუამდგომლობის განხილვისას და უარი უთხრა განმცხადებელს მითითებული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე (723-724). საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის ამგვარი მოსაზრება, რადგან სასამართლომ არ იმსჯელა, შპს “კვ-ის” ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს “კვ-სათვის” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, მისი ეკონომიური მდგომარეობის თაობაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებებს გამორკვევისა და შეფასების შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “კვ-ის” დირექტორის ჯ. გ-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.