Facebook Twitter

¹ას-779-1146-06 15 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ეE (მოსარჩელე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის, სახელფასო დავალიანებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ბ-მ, ა. ჯ-მ, ნ. კ-მ, ლ. ე-მა, ნ.ა მ-მა, თ. რ-მა, ნ. თ-მ, დ. ნ-მ და ვ. მ-მ სასარჩელო განცხადება შეიტანეს სასამართლოში შპს “ .. .. ..” წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2005 წლის 1 ნოემბრიდან მოპასუხე ორგანიზიაციამ უკანონოდ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი. მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა პროფკავშირების თანხმობის გარეშე შრომითი კონტრაქტი შეეწყვიტა. გარდა ამისა, მოსახუხე ორგანიზაციას მათ მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით ვ. მ-ის სარჩელი ცალკე წარმოებად გამოიყო.

ვლადიმერ მარიამიძემ მიუთითა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა სს “ე-ს” უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. სს “ე-ა” და შპს “დ-ა” გაერთიანდა და გარდაიქმნა სს “ .. .. ..”, სადაც დაინიშნა უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2004 წლის 29 მარტს სს “ .. .. ..” ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. 2004 წლის 1 ივლისიდან კი მან მუშაობა გააგრძელა უვადო ხელშეკრულების საფუძველზე. 2005 წლის 3 მაისს ის კვლავ გააფრთხილეს სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. 2005 წლის 30 სექტემბერს კადრების აღმასარულებელმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება, სათაო იფისის ყველა თანამშრომლებთან მუდმივი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ, ბრძანებასთან ერთად თანამშრომლებს წარედგინათ ერთთვიანი შრომითი კონტრაქტები. ამდენად, ორგანიზაციაში განხორციელდა არა რეორგანიზაცია, არამედ უვადო კონრაქტიდან ერთთვიან კონტრაქტზე გადაყვანა.

ვ. მ-მ ასევე მიუთითა, რომ 2002 წლის 27 აგვისტოდან სს “ .. .. ..” მიერ მივლინებული იყო ქ. ოზურგეთსა და ქ. გურჯაანში. ამ დროისათვის ორგანიზაციას არ გააჩნდა მივლინების თანხები და მან თავისი ხარჯები გასწია ამისათვის, რაც შეადგენს 1018 ლარსა და 97 თეთრს. ამასთან, მოპასუხემ მას უნდა გადაუხადოს მიუღებელი ხელფასი _ 3017,9 ლარი.

ვ. მ-მ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის – 450 ლარის, 2002 წლის მივლინების ხარჯების - 1018, 97 ლარის და სახელფასო დავალიანების – 3017,09 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. მ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 450 ლარის გადახდა, ასევე სახელფასო დავალიანების -3017,09 ლარის გადახდა. მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 92-97).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ .. .. ..” (ს.ფ.111).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ.123).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. .. ..”. მან მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მას ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 25 სექტემბერს, ხოლო ხარვეზის შევსების ვადა გადიოდა 2006 წლის 15 ოქტომბერს, მათ კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს 2006 წლის 13 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განუხილველად დატოვების განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება (ს.ფ.132).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ .. .. ..” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ შპს “.. .. ..” ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 25 სექტემბერს და ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იწურებოდა 2006 წლის 15 ოქტომბერს.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 აგვისტოს განჩინებით შპს “ .. .. ..”, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განესაზღვრა 20 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად (ს.ფ.115). აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2006 წლის 22 სექტემბერს (ს.ფ.119). ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2006 წლის 12 ოქტომბერს. შპს “ .. .. ..” სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში წარმოადგინა 2006 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ.120).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. A

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალტამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. .. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.