ას-780-1104-07 19 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. ..” მიმართ სახელფასო დავალიანებისა და სამუშაოდან გათავისუფლებისას გასასვლელი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წელის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შ.კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში შ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 12 ივლისს, 11.00 საათზე, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს გაეგზავნათ. აპელანტის მისამართზე არყოფნის გამო, უწყება ჩაბარდა ადრესატის დედას _ ა.კ-ს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს შ.კ-ე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის თარიღის შესახებ უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დაცვით, ჩაბარდა აპელანტის დედას, თუმცა შ.კ-ე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არამედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის გამოც სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ.კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების აღმოფხვრა. მოცემულ შემთხვევაში შ. კ-ის სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიოდ, რადგან აპელანტის არყოფნის გამო, სასამართლო უწყება მას დაგვიანებით გადაეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში შ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 12 ივლისს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ. აპელანტის დასახელებულ მისამართზე არყოფნის გამო, სასამართლო უწყება ჩაბარდა მის დედას _ ა.კ-ს.
სასამართლოში საქმის განხილვაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
მოცემულ შემთხვევაში თავად აპელანტი ადასტურებს და სადავოდ არ ხდის კანონის მოთხოვნათა დაცვით სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტს. ამდენად, 2007 წლის 12 ივლისის სასამართლო სხდომაზე შ. კ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეული ვერ იქნება ის გარემოება, რომ საქმის განხილვის თარიღის შესახებ სასამართლო უწყება აპელატს გვიან გადაეცა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის შესაბამისად, ამ ნორმის პირველი და მეორე ნაწილებისაგან განსხვავებულ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა, თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზს სასამართლოს არ შეატყობინებს, ამასთან, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის აღმოფხვრის _ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის, შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა განახლდეს. დასახელებული ნორმით, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით. ამდენად, მითითებული მუხლი განსაზღვრავს სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივ შედეგს და იგი სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს ვერ იქნება გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. კ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.