ას-780-1147-06 1 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. .. ..”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 17 დეკემბერს ნ. ჩ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. .. ..” დირექტორის _ კ. ი-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1969 წლიდან მუშაობდა გორის ... დისპანსერში ...ად და ... გამგედ. მოსარჩელის განცხადებით, მისი ხელფასის ოდენობა განსაზღვრული იყო მას და დაწესებულებას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით. 1997 წლიდან დაწესებულება ჩაერთო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება ხდებოდა ჯანდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. 2000 წლიდან დაწესებულება გადაკეთდა შპს “ .. .. ..”. დაუფინანსებლობის გამო ხელფასების გაცემა ხდებოდა შეფერხებით. 2004 წლის 2 სექტემბერს ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ ასაღები დარჩა მის მიერ შესრულებული სამუშაოებიდან კუთვნილი ხელფასი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 2985 ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი შპს “ .. .. ..” მიმართ ხელფასის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ .. .. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 526 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ნ. ჩ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ის განცხადება, საქმეზე საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ექსპერტიზის ჩასატარებლად საქმე გადაეგზავნა ... ექსპერტიზის ბიუროს, რომელსაც დაევალა მოსარჩლის მიერ შპს “ .. .. ..” 1997 წლიდან 2004 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოსათვის მიუღებელი ხელფასის ოდენობის განსაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ნ. ჩ-ის მიუღებელმა ხელფასმა შეადგინა 98,58 ლარი. 2006 წლის 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა ნ. ჩ-მა განცხადებით იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი კობა იასაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ... საექსპერტო ბიუროს მიერ წარმოდგენილმა საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებმა იმდენად ააღელვა, რომ ანაგარიშმიუცემლად დათანხდა მოსამართლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
აღნიშნული ნორმის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე პირის უფლება განკარგოს თავისი უფლებები. მოსარჩელე სარჩელზე უარის თქმით განკარგავს თავის უფლებას, ამიტომ სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულია შეწყვიტოს საქმის წარმოება, რადგან აღარ არსებობს დავის საგანი, რომლის მიმართაც სასამართლომ უნდა გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს ერთმევა უფლება, რომ კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, აპელანტმა დააყენა შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.291), რომელსაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე და, შესაბამისად, სასამართლომ, ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარზე შეწყვიტა საქმის წარმოება.
აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან აღელვებულმა ანგარიშმიუცემლად განაცხადა თანხმობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ნ. ჩ-მა საჩივარზე უარის თქმით განკარგა თავისი კანონით მინიჭებული უფლება, თავადვე განესაზღვრა და მიეღო გადაწყვეტილება საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რაც დაადასტურა პირადი ხელმოწერით, რითაც წაერთვა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით კვლავ გასაჩივრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.