Facebook Twitter

ას-782-1106-07 19 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ო-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი _ არასწორი სამედიცინო მკურნალობით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ო-მა 2004 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე “ .. ..” მიმართ და მოითხოვა არასწორი სამედიცინო მკურნალობით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ... სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მიმართა გულის აჩქარების ჩივილით, სადაც დაუსვეს გულის მანკის დიაგნოზი მეორე სტადია. 2001 წლის 2 ივნისიდან 4 ივნისამდე მოთავსებული იყო ამავე კლინიკის სტაციონარში, სადაც განუცხადეს რომ ჰქონდა მოციმციმე არითმია. აღნიშნული კლინიკიდან გაწერის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2-3 თვეში ისევ გაუარესდა და 2001 წლის სექტემბერში მან მკურნალობა დაიწყო “ .. ..”, სადაც ექიმმა ზ. ბ-მა ერთპიროვნულად გადაწყვიტა მოსარჩელისათვის ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა ქირურგიაში და არა კარდიოლოგთან, რაზეც მისი როგორც პაციენტის თანხმობა არ ჰქონიათ. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. არასწორი მკურნალობით მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა განიცადეს მატერიალური და მორალური ზიანი. მ. ო-მა მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ შეძენილი პრეპარატების ასანაზღაურებლად 2250 ლარისა და მორალური ზიანის 100000 ლარის დაკისრება, ასევე ექიმ ზ. ბ-სათვის საექიმო ლიცენზიის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ო-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. ო-მა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოსარჩელე მ. ო-ი, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მ. ო-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 აგვისტოს განმეორებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ო-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეწყდა საქმის წარმოება მ. ო-ს სააპელაციო საჩივარზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 372-ე მუხლის, ასევე ამავე კოდექსის მე-7 მუხლისა და 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეწყდეს წარმოება მ. ო-ს სააპელაციო საჩივარზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ო-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ასევე მის გასაჩივრებაზე. მან სხდომაზე განმატა, რომ ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო, რაც გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოქირურგ ზ.ბ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის გამო მოხდა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აფინანსებს მის ოპერაციას და მკურნალობას იტალიაში. მას იტალიაში ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია. იგი დავის გაგრძელებას არ აპირებდა, მაგრამ იტალიაში დასმულმა დიაგნოზმა შეაცვლევინა გადაწყვეტილება. იტალიელი პროფესორის განმარტებით საქართველოში ჩატარებული ოპერაციის დროს ჩადგმული სარქველი იყო პატარა, რის გამოც გულს უჭირდა მუშაობა და შესაბამისად გაუმტარობის პრობლემა ჰქონდა მეორე სამკარიან სარქველსაც, რომელსაც დასჭირდა გაფართოება. მის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებულ საფუძველს მიემატა გაუმტარობა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ უნდა განაახლოს საქმის წარმოება, მან მართალია მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ სასამართლოს უნდა მიეცა ვადა დაფიქრებულიყო თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე და ნაუცბათევად დაწერლი შუამდგომლობა განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ არ განეხილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ო-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის სხდომაზე აპელანტმა მ. ო-მა სასამართლოს წარუდგინა წერილობითი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სადაც მან მიუთითა, რომ იგი უარს აცხადებს სააპელაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას (ს.ფ. 190-193).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიაციტივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ს.ფ. 190-ზე მოცემულია მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის თანხმობა მ.ო-ს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ რომ რადგან მ.ო-მა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ აღნიშნული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მისი შუამდგომლობა უცბათ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, არამედ უნდა მიეცა ვადა მოსაფიქრებლად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის ეს მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მ. ო-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ო-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.