Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №522აპ-17 ქ. თბილისი

წ-ა ლ. 522აპ-17 22 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით ლ. წ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლ. წ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 9 ნოემბრიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. წ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. დ-მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, გაანალიზა და ურთიერთშეაჯერა ისინი. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ. წ-ს დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა, იურიდიული კვალიფიკაციაც სწორად დადგინდა.

საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეების - ვ. ე-ს, ს. გ-ს, ვ. ქ-ს, გ. ქ-ს, მ. გ-ს, პ. დ-ს, გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ლ. წ-ს გამოკითხვის ოქმის, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ლ. წ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. წ-ს სასჯელის შემსუბუქებისა და მის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის - პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ. წ-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ: იგი ვ. ე-ს მანქანით გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით, როდესაც დააკავეს სამართალდამცავებმა. დანაშაულის აღიარება კი იმ შემთხვევაში, როდესაც პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ვერ გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათს.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა - ვალდებულება. სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან ერთად, უნდა შეაფასოს დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, დამნაშავის პიროვნება და შემდგომ განსაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობა.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ ლ. წ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებაზე.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატამ ასევე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ლ. წ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც დაეთანხმა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი ლ. წ-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სასჯელი - სამართლიანი და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ლ. წ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. წ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. წ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა ლ. წ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული (პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სამართლიანი სასჯელი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ არ არსებობს სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი