ას-783-1150-06 26 თებერვალი, 2006 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –რ. მ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება -- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-ი არარეგისრტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ. მ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში … წლის … ივლისს შეეძინათ შვილი რ. მ-ი. იმის გამო, რომ რ. მ-ვი მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდასა და რჩენაში, თ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის დაკისრება მისი შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის თვეში 100 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე რ. მ-ს დაეკისრა მისი შვილის რ. მ-ის (დაბადებული ...… წლის ... ივლისს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა მისი სრულწლოვანების მიღწევამდე თვეში 40 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2006 წლის 14 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება 120 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მ-სათვის გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეადგენს 40 ლარს თვეში, ხოლო აპელანტის მოთხოვნაა მისი გაზრდა თვეში 120 ლარამდე, ანუ 80 ლარით.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 960 ლარს (80X12=960), რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ 1000 ლარს არ აღემატება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. მ-მა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის თვეში 150 ლარის დაკისრება, სასამართლომ მას დააკისრა თვეში 40 ლარის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში მისი მოთხოვნა იყო ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თვეში დარჩენილი 110 ლარის დაკისრება. ე.ი. დავის საგნის ფასი 1320 ლარია, რაც 1000 ლარს აღემატება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, თ. მ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის თვეში 100 ლარის დაკისრება (ს.ფ. 20-21). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ს დაეკისრა მისი შვილის რ. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა მისი სრულწლოვანების მიღწევამდე თვეში 40 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის სახით გაზრდილი თანხის 120 ლარის დაკისრება (ს.ფ. 72). ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მან მოპასუხისგან მოითხოვა ალიმენტის – თვეში 150 ლარის დაკისრება და სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას დავის საგნის ღირებულება უნდა განესაზღვრა 110 ლარის გათვალისწინებით, რომლის ოდენობა 12 თვის განმავლობაში 1320 ლარია, რაც აღემატება 1000 ლარს (ს.ფ. 80).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება 120 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 960 ლარს (80X12=960), რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ 1000 ლარს არ აღემატება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და თ. მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.